24 ნოემბერი – დაიბადა ილია აბულაძე
დამატების თარიღი: 2013-03-15 10:06:04

ილია აბულაძე ვლადიმერის ძე (1901–68), ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორი (1950).

 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). დაამთავრა თსუ სიტყვიერებისა (1926) და საენათმეცნიერო (1929) განყოფილებები. 1933–იდან ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1958 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე. მისი ნაშრომების დიდი ნაწილი ეძღვნება ქართულ–სომხურ ფილოლოგიის პრობლემებს. აბულაძემ ძველი მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართულ–სომხური ლიტერატურის ურთიერთობების ორმხრივი ხასიათი. "შუშანიკის წამების" ქართულ–სომხური ტექსტების შინაარსობრივი, მხატვრული და ენობრივი ანალიზის შედეგად საბოლოოდ დაადგინა, რომ თხზულების ქართული ვერსია არის ორიგინალი, ხოლო სომხური – მისი თარგმანი. "ქართლის ცხოვრების" სომხური თარგმანის შესწავლით კი გაარკვია მისი უდიდესი მნიშვნელობა ქართული ტექსტის დადგენისათვის. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი (ნათარგმნი თუ ორიგინალი) ძეგლების მეცნიერულ–კრიტიკული პუბლიკაციები; აბულაძის სახელთან არის დაკავშირებული კავკასიელ ალბანელთა ანბანის აღმოჩენა (1937). ნაყოფიერად იკვლევდა ძველ ქართულ ლექსიკას. შეადგინა "ძველი ქართული ენის ლექსიკონი" (1973).

 

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

 

 

წყარო: თბილისი ენციკლოპედია. – თბ. 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ