24 ოქტომბერი – დაიბადა სერგეი მესხი
დამატების თარიღი: 2013-03-15 10:03:13

სოფელ რიონში, ხელმოკლე, თავისი დროისათვის განათლებულ აზნაურს სიმონ მესხსა და მის მეუღლეს – მაგდალინა მარჯანიშვილს 1845 წლის 12 (24) ოქტომბერს შეეძინათ მესამე შვილი, რომელსაც სერგეი უწოდეს. პატარა სერგეიმ დედის მზრუნველობით შეისწავლა ქართული და რუსული წერა-კითხვა.

 

დედის უშუალო ხელმძღვანელობით სიმონ მესხის ყველა შვილმა მიიღო იმდროისათვის შესაფერი სასკოლო თუ ოჯახური აღზრდა და თითქმის ყოველმა მათგანმა შეიტანა თავისი წვლილი მაშინდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გარდა სერგეი მესხისა, ამ ოჯახმა ქართველ საზოგადოებას, ქართულ კულტურას შესძინა რამდენიმე გამოჩენილი მოღვაწე, მათ შორის ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი, ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კოტე მესხი, ქართული სცენის მშვენება, ნიჭიერი მთარგმნელი ეფემია მესხი, ქართული ჟურნალისტიკის უანგარო და ჩუმი მოღვაწეები ივანე და დავით მესხები.

 

1856 წელს თერთმეტი წლის სერგეი მესხი ქუთაისის გიმნაზიის მსმენელია, რომელსაც იგი 1863 წელს ამთავრებს და მაშინვე უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში მიემგზავრება, სადაც შედის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის მთელ მანძილზე სერგეი მესხი ითვლება "კავკასიის კომიტეტის სტიპენდიანტად".

 

პეტერბურგში ყოფნის პერიოდში სერგეი მესხი გაეცნო რუსულ რევოლუციურ-დემოკრატიულსა და მატერიალისტურ მოძღვრებას, რომლის პარალელურად იგი ღრმად ითვისებდა ქართველი სამოციანელების: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლისა და სხვათა პატრიოტულ და დემოკრატიულ შეხედულებებს.

 

მრავალსაუკუნოვანი ქართული კლასიკური მწერლობა და ახალი ქართული ლიტერატურა მთავარი წყარო იყო სერგეი მესხის აზროვნების ფორმირებაში. მეორე მხრივ, მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსულმა პროგრესულმა აზროვნებამ და ლიტერატურამ. პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 1867 წელს, მესხი ბრუნდება სამშობლოში და სამსახურს იწყებს.

 

1869 წლის აპრილში "ახალი ახალგაზრდობის ჯგუფის სახელით და გ. წერეთლის თანხმობით ნიკო ნიკოლაძემ სერგეი მესხი გაზეთ "დროების" რედაქტორის მოვალეობის დროებით აღმსრულებლად მიიწვია. მალე, კერძოდ 1870 წელს, სერგეი მესხი ოფიციალურად იქნა დამტკიცებული ამ თანამდებობაზე. ამ დროიდან, გ. წერეთლის სიტყვებით რომ ვთქვათ, თითქმის "თორმეტი წლის განმავლობაში, ამ ქველმოქმედმა კაცმა აუტანელის ჯაფით ატარა მაღლა ქართულის ლიტერატურის დროშა"[1].

 

ს. მესხი უდიდესი გატაცებით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. იგი კარგად გრძნობდა გაზეთის რედაქტორის დიდ პასუხისმგებლობას ერისა და ქვეყნის წინაშე და გაზეთს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების საქმეში უდიდეს როლს ანიჭებდა.

 

მიუხედავად სულისშემხუთველი ცენზურისა და უკიდურესი გაჭირვებისა, სერგეი მესხი ღამეებს ათენებდა და წერდა გაზეთის სტატიებსა და მოწინავეებს, ასრულებდა კორექტორის მოვალეობას, ხშირად ასოთამწყობისასაც. იშვიათია თავისი საქმისათვის ისეთი თავდადებული, კეთილშობილი და უმწიკვლო ადამიანი, როგორიც სერგეი მესხი იყო.

 

1873 წელს ს. მესხმა მოახერხა საზღვარგარეთ გამგზავრება. მისი მიზანი იყო გასცნობოდა უცხოეთის ცხოვრებას. იქაური გაზეთების მუშაობას და გაეღრმავებინა საკუთარი ცოდნა. საზღვარგარეთ გამგზავრების წინ მან გაზეთის რედაქტორად კ. ლორთქიფანიძე დატოვა, ხოლო რედაქციის უახლოეს თანამშრომლად იმ ხანად ევროპიდან ახლად დაბრუნებული დავით მიქელაძე (მეველე) მიიწვია.

 

წელიწადზე მეტხანს დაჰყო ს. მესხმა საზღვარგარეთ. ამ ხნის მანძილზე იგი ინტერესითა და გულისყურით ეცნობა ფრანგული ჟურნალ-გაზეთების მუშაობის გამოცდილებას, იმუშავებს "დროების" გაფართოების გეგმას, სისტემატურად აწვდის კორესპონდენციებს თავის გაზეთს, წერს წერილებს დასავლეთ ევროპის საზოგადოებრივი ცხოვრების, მუშათა მოძრაობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

 

ს. მესხი გატაცებით ეწაფება ჰიუგოსა და შილერის დრამებს, ბომარშეს კომედიებს, სტერნის "სენტიმენტალურ მოგზაურობას", ფლობერის "მადამ ბოვარის" და ა. შ. შემოკლებით თარგმნის ვიქტორ ჰიუგოს ახლად გამოსულ რომანს "93 წელი" და მას ნაწილ-ნაწილ აქვეყნებს "დროებაში".

 

უცხოეთში ყოფნისას ს. მესხი მონაწილეობას იღებს ჟენევაში ქართველ საზოგადო მოღვაწეთა მიერ სპეციალურად მოწვეული კონგრესის მუშაობაში. ამ კონგრესზე, რომელსაც სომეხი და დაღესტნელი პატრიოტებიც ესწრებოდნენ, ქართველებმა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის პროექტი წამოაყენეს. პროექტს სხვებთან ერთად მხარს მესხიც უჭერდა.

 

საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ს. მესხმა შეადგინა გამოჩენილი პიროვნებების: ვაშინგტონის, ლივინგსტონის, გარიბალდის, ოუენის და სხვათა ბიოგრაფიები. იგი ვარაუდობდა, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე დაახლოებით 30–40 ასეთ ბიოგრაფიას დაწერდა.

 

1874 წლის შემოდგომაზე ს. მესხი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც კვლავ უნუგეშო და გულისმომკვლელი მდგომარეობა დახვდა. საგანგებოდ დაწერილი სტატიით "სალამი" იგი ასე მიმართავდა "დროების" მკითხველებს:

            ...რაც უნდა იყოს, დღეს მე სიხარულით და სიამოვნებით ვბრუნდები ჩემს სამშობლო ქვეყანაში და ვიჭერ იმავე ალაგს, რომელიც ერთი წლის წინათ მეჭირა.

 

1875 წლიდან სერგეი მესხი ახერხებს "დროების" კვირაში სამჯერ გამოცემას; ამავე წელს იგი ცოლად ირთავს გაზეთის გამომცემლის სტეფანე მელიქიშვილის დას – ეკატერინეს, რომელიც "დროების" ერთგული დამხმარე და მუდმივი თანამშრომელი იყო.

 

1876 წლის ივნისიდან ს. მესხმა აღისრულა თავისი დიდი ხნის ოცნება - "დროება" ყოველდღიური ორგანო გახდა.

რაც დრო გადიოდა, მით უფრო მძიმე და აუტანელი ხდებოდა გაზეთისათვის ზრუნვა და შრომა. ს. მესხის ჯანმრთელობა საბოლოოდ შეირყა. 1883 წლის 9 მაისს ქართველმა საზოგადოებამ ვერის ბაღში გამოსათხოვარი სადილი გაუმართა "დროების" რედაქტორს – სერგეი მესხს, რომელიც აუტანელი ჯაფით ჯანგატეხილი იძულებული იყო გამოთხოვებოდა თავის საყვარელ გაზეთსა და საქმეს. გაზეთის ფურცლებიდან მან უკანასკნელად მიმართა გამოსამშვიდობებელი სიტყვით თავის მკითხველებს: "ავათ იყო თუ კარგათ ყველა დაბრკოლებას გადავრჩით და როგორც იყო დღევანდლამდის მოვიტანეთ და დღეს იმის თქმა თამამად შემიძლია, რომ მე ულაქო, შეუმწიკვლელს, პატიოსანს გაზეთს ვაბარებ ახალ რედაქციას.. შეიძლება 14 წლის განამავლობაში ჩემს ხელში ბევრი რამ შესცოდა გაზეთმა, იქნება მრუდე გზაზედაც გადაუხვია, იქნება ჯეროვნად ვერ შეასრულა, რაც უნდა შეესრულებინა, რაც მის მოვალეობას შეადგენდა, მაგრამ ორი რაიმეს თქმა თამამად შემიძლია და მის თქმას მე, თავმდაბალს კაცს, კვეხნად ვერავინ ჩამომართმევს; პირველი, რომ ერთგული ვიყავი იმ დიდი საქმის ასრულებაში, რომელიც ვიკისრე, და მეორე, რომ ბოროტგანზრახვას, კერძო პიროვნულ რამე მიზანს ჩემს სალიტერატურო მოღვაწეობაში არასოდეს ჰქონია ადგილი და ამ განზრახვით არ გადამიხვევია ამ გზიდან, რომელიც ჩემის სინდისით და გაგებით სწორ და ნამდვილ გზად მიმაჩნდა. ყველა გაიგებს, თუ რა გულით და გრძნობით უნდა ვეთხოვებოდე გაზეთს, რომელსაც ჩემი ყმაწვილ-კაცობის ძალ-ღონე, ჭკუა-გონება და, ერთი სიტყვით, ჩემი არსება შევწირე"[3]...

 

ს. მესხმა გაზეთი "დროება" ივანე მაჩაბელს გდასცა. ამ უკანასკნელმა მტკიცე პირობა მისცა ს. მესხს, რომ ბოლომდე იბრძოლებდა გაზეთის კეთილდღეობისათვის.

 

ორი თვის შემდეგ, 1883 წლის ივლისში ქართველმა საზოგადოებამ ღრმა გულისტკივილით შეიტყო, რომ აბასთუმანში გარდაიცვალა სერგეი მესხი.

 

ს. მესხის ცხედარი 23 ივლისს ქუთაისში წაასვენეს, სიდანაც გადაასვენეს სოფელ რიონში და დაკრძალეს იქვე 25 ივლისს.

 

წყარო: ქსე. – ს. მესხი, თხზულებანი, I, 1962.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ