25 ნოემბერი – დაიბადა ტერენტი გრანელი
დამატების თარიღი: 2013-03-14 13:03:36

გრანელი (ნამდვილი გვარი – კვირკველია) ტერენტი სიმონის ძე (1897–1934), პოეტი. 1918–იდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში.

 

სწავლობდა შ. ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტში დაარსებულ ფილოსოფიის კურსებზე (სემინარიებზე). თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–18). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: "სამგლოვიარო ხაზები", 1921; "სულიდან საფლავები", 1922; "Memento mori", 1924; "ტერენტი გრანელი", 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთდროული გაზეთი "ტერენტი გრანელი". აქვს თბილისისადმი მიძღვნილი ლექსები, რომლითგანაც აღსანიშნავია "თბილისს", "გამგზავრება თბილისიდან", "თბილისის გარეთ", "ღამე ვაკეში", "თბილისი მაღლიდან" და სხვა. გრანელი თავის ერთ ლექსში წერდა:

"მალე მოვკვდები და ვიცი, გულზე

რომ დამაყრიან თბილისის მიწას".

 

დაკრძალეს პეტრე–პავლეს სასაფლაოზე, ხოლო 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში. დაწესებული ტერენტი გრანელის სახელობის ლიტერატურული პრემია. თბილისში არის ტერენტი გრანელის ქუჩა.

  

წყარო: თბილისი ენციკლოპედია. – თბ. 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ