27 აგვისტო – დაიბადა მოსე გოგიბერიძე
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:27:01

გოგიბერიძე მოსე ივანეს ძე (1897–1949), ფილოსოფოსი. 1918–21 სწავლობდა ბერლინისა და მარბურგის უნივერსიტეტებში ფილოსოფიას, ბუნებისმეტყველებასა და პოლიტეკონომიას

 

1922 მარბურგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ცნობილი ფილოსოფოსის ნ. ჰარტმანის ხელმძღვანელობით. 1923–იდან იყო თსუ თანამშრომელი, 1930–იდან პროფესორი, ბუნების დიალექტიკის კათედრის გამგე, 1933–41 ფილოსოფიის კათედრის გამგე. 1941 დააპატიმრეს ფაშისტური გერმანიის აგენტობის ბრალდებით და გადაასახლეს აქტიუბინსკში, სადაც გარდაიცვალა; 1954 ახლობლების ინიციატივით გადმოასვენეს და დაასაფლავეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

 

გოგიბერიძის ძირითადი შრომები ეხება ფილოსოფიის ისტორიას, შემეცნების თეორიას, ბუნებისმეტყველების ფილოსოფიასა და ქართული ფილოსოფიის ისტორიას. შემეცნების თეორიის აქტუალური საკითხები დამუშავებულია ნაშრომებში: "შემეცნების აქსიომატური დასაბამი” (1926), "შემეცნების საგნის პრობლემა” (1928), "მეცნიერება და რელიგია”(1929). "შემეცნების აქსიომატურ დასაბამში” განვითარებული დებულებანი წარმოადგენდა ახალი, ორიგინ. ფილოსოფიური კონცეფციის შექმნის ცდას. როგორც ფილოსოფიის ისტორიკოსი, გოგიბერიძე ამუშავებდა ზოგადი ფილოსოფიის, მარქსისტული ფილოს. აგრეთვე ქართ. ფილოს. ისტორიის საკითხებს. პირველს მიეკუთვნება "ფილოსოფიის ისტორია”(1941), მეორეს – "მატერიალიზმისა და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე” (1928). ქართული ფილოსოფიის ისტორიას ეძღვნება შრომები: "რუსთაველის მსოფლმხედველობის სათავეები” (1937), წერილების ციკლი იოანე პეტრიწზე (1940), "ქართული ფილოსოფიის პრელუდიები” (1961). 1970–78 გამოიცა გოგიბერიძის რჩეული ფილოსოფიის თხზულებანი (4 ტომად). თბილისში არის მოსე გოგიბერიძის ქუჩა.

 

წყარო: ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. – თბ. – 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ