27 ივნისი – დაიბადა ევგენი მიქელაძე
დამატების თარიღი: 2013-03-05 10:22:52

ქართველი დირიჟორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ევგენი მიქელაძე დაიბადა 1903 წ. 27 ივნისს თბილისში.

დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია. 1931 –37 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირიჟორი იყო (1933 წლიდან მთავარი დირიჟორი, 1937 წ.–დან სამხატვრო ხელმძღვანელი). 1932 დააარსა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრი. 1933–37 წწ–ში ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს.

 

ე. მიქელაძე შესანიშნავად უძღვებოდა 2 დიდ საქმეს  – საოპერო და სიმფონიურ ხელოვნებას. მისი თაოსნობით სიმფონიური მუსიკის პროპაგანდამ დიდ მასშტაბს მიაღწია. მის რეპერტუარში იყო ბეთჰოვენის, ვაგნერის, შუბერტის, ბრამსის, ბერლიოზის, ჩაიკოვსკის, ბოროდინის, რიმსკი–კორსაკოვის, მალერის, ი. შტრაუსის, პროკოფიევის, სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის, რესპიგის და სხვათა ქმნილებანი. ე. მიქელაძე დირიჟორობდა ქართული სიმფონიური მუსიკის ადრინდელ ნიმუშებს, იმ დროის ახალგაზრდა კომპოზიტორთა (შ. მშველიძის, გ. კილაძის, ი. ტუსკიას, შ. თაქთაქიშვილის, ი. გოკიელის და სხვ.) ნაწარმოებებს. მისი ხელმძღვანელობით გამართულმა საკონცერტო სეზონებმა დიდი სტიმული მისცა ეროვნული სიმფონიური შემოქმედების სწრაფ განვითარებას. ამ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი იმდენად გაძლიერდა, რომ თამამად იწვევდა საგასტროლოდ სსრკ და საზღვარგარეთის გამოჩენილ დირიჟორებს, სოლისტ–შემსრულებლებს. ე. მიქელაძის ხელმძღვანელობით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა შემოქმედებით აღმავლობას მიაღწია, ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის 1–ლ დეკადაზე მოსკოვში 1937.

 

ე. მიქელაძის საოპერო რეპერტუარში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბიზეს "კარმენი", ვერდის "ოტელო" და "აიდა", ბოროდინის "თავადი იგორი", პუჩინის "ტოსკა", გუნოს "ფაუსტი", ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", დონიცეტის "დონ პასკუალე", მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი", რიმსკი–კორსაკოვის "მეფის საცოლე", მ. ბალანჩივაძის "თამარ ცბიერი", დ. არაყიშვილის "შოთა რუსთაველი". ე. მიქელაძის დირიჟორობით მომზადდა ახალი ქართული ოპერა – გ. კილაძის "ბახტრიონი" და პირველი ქართული ბალეტი– მ. ბალანჩივაძის "მზეჭაბუკი". მისი ხელოვნება ხასიათდებოდა მასშტაბურობით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკულ აღაფრენას თან სდევდა ფხიზელი თვითკონტროლის გრძნობა და შინაგანი დისციპლინა. ფენომენური სადირიჟორო მონაცემებისა და სრულყოვილი მუსიკალური ნიჭიერების, ძლიერი ნებისყოფისა და მიზანსწრაფვის მეოხებით ე. მიქელაძემ სწრაფად მოიპოვა დიდი ავტორიტეტი საკავშირო მასშტაბით. გამოჩენილი საბჭოთა მუსიკოსები მას იხსენიებენ, როგორც ერთ–ერთ უნიჭიერეს დირიჟორს.

 

წყარო:   ქსე, ტ. 7. თბილისი, 1984.

 

                მას ბუნებამ ყველაფერი მისცა, რაზეც ადამიანმა შეიძლება იოცნებოს  – ჭკუა, მუსიკალური ტალანტი, სილამაზე და მომხიბვლელობა. ღირსებათა მსგავსი ნაზავი არცთუ ხშირია...

                ევგენი მიქელაძე დირიჟორობას ლენინგრადის კონსერვატორიაში, გაუკის კლასში დაეუფლა. თვალშისაცემი ნიჭიერების წყალობით, თავიდანვე მიიქცია ყურადღება. ცხადი იყო, რომ შორს წავიდოდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მშობლიურ საქართველოში დაბრუნდა, სადაც ბრწყინვალედ დაიწყო დირიჟორული კარიერა თბილისის ოპერის თეატრსა საქართველოს სიმფონიურ ორკესტრში.

                ჩვენ ერთად ვსწავლობდით ლენინგრადის კონსერვატორიაში და ამიტომაც კარგად ვიცნობდი. ევგენი ყველას – სტუდენტებსა და პედაგოგებს – თანაბრად უყვარდათ. მაგრამ ბედი  (მოცემულ შემთხვევაში – საბჭოთა ხელისუფლება) ძალიან უსამართლო და სასტიკი აღმოჩნდა მის მიმართ. მიქელაძე საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის ქალიშვილზე დაქორწინდა და როცა სიმამრი "ხალხის მტრად" შერაცხეს და დახვრიტეს, მალე კვალში ევგენიც ჩაუყენეს. ისიც, თითქოსდა სტალინის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისათვის, "ხალხის მტრად" გამოაცხადეს და ბერიას ბრძანებით დახვრიტეს. ასე, ახალგაზრდულ ასაკში მხეცურად გაანადგურეს ადამიანი, რომელსაც შეეძლო, მსოფლიო მუსიკალური კულტურის მშვენება  და სიამაყე გამხდარიყო.

 

მარკ რეზნიკოვი, "მოხუცი მუსიკოსის ჩანაწერები"

 

წყარო: შ. ლებანიძე, "მაესტროს დაბრუნება". თბილისი, 2004.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ