27 მაისი - დაიბადა შალვა ქიქოძე (1894)
დამატების თარიღი: 2013-03-01 13:16:12

შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე დაიბადა 1894 წლის 27 მაისს, ოზურგეთის მაზრის სოფ. ბახვში. საშუალო ცოდნა მიიღო თბილისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. ამავე წელს იგი შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა მხატვრობას ხატვის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში.

 

1918 წ. შალვა ქიქოძე დაბრუნდა თბილისში. 1919 წლის დეკემბერში სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნილ იქნა პარიზში; ავადმყოფი (აღსანიშნავია, რომ იგი მარჯვენა ხელს ვერ ხმარობდა, ხატავდა  მარცხენა ხელით), ის მაინც აღგზნებით მუშაობდა. ჯერ კიდევ მოწაფის სკამზე მჯდომარე, მონაწილეობას იღებდა მოსკოვის სათეატრო ჟურნალში «Рампа и жизнь», სადაც მოთავსებულია მის მიერ დახატული კარიკატურები. ამას გარდა, მოსკოვის თეატრში «Летучая мышь», დახატული ჰქონდა დიდი პანო, რაც იმ დროს ყურადღებით იყო აღნიშნული. შემდეგ იგი მუშაობდა ჯაბადარის სათეატრო სტუდიაში, როგორც სათეატრო მხატვარი. საჯარო გამოფენაზე შალვა ქიქოძემ პირველად მონაწილეობა მიიღო თბილისში, 1919 წ. ადგილობრივმა პრესამ ერთხმად აღნიშნა მისი ნიჭი და ქართველმა საზოგადოებამაც ახალგაზრდა მხატვარზე დიდი იმედები დაამყარა.

პარიზში შალვა ქიქოძე დამოუკიდებლად მუშაობს თავის სახელოსნოში, მუშაობს ენერგიულად და ერთი წლის შემდეგ უკვე მონაწილეობას იღებს "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" გამოფენაზე 1921 წლის თებერვალში. ამავე წლის აპრილში მისი სურა/ტები გამოფენილი იყო დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის  სურათებთან ერთად კერძო გალერეაში "La Licorne". მისმა სურათებმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს, რაც პარიზის პრესაშიც იყო აღნიშნული. სამწუხაროდ, შალვა ქიქოძეს აღარ დასცალდა დასახული მიზნის მიღწევა. ხანმოკლე იყო შალვა ქიქოძის მუშაობა მხატვრობის სარბიელზე; 1921 წლის ივნისში ფილტვების დაავადების გამო იგი პარიზიდან გერმანიაში გაემგზავრა საკურორტო წამლობისათვის, მაგრამ გვიანღა იყო. 1927 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

წყარო:  შალვა ქიქოძე.  ქართველ მხატვართა საზოგადოება, ტფილისი, 1928.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ