27 ნოემბერი – დაიბადა ვასილ (ვასო) გოძიაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-14 12:59:35

გოძიაშვილი ვასილ (ვასო) დავითის ძე (1905–76), მსახიობი, საქართველოს (1953) და სსრკ (1958) სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის (1971) და სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952).

 

1922–24 სწავლობდა თბილისის დრამატულ სტუდიაში (ხელმძღვანელი ა. ფაღავა). 1924 – 30 იყო რუსთაველის სახელობის თეატრის, 1930–იდან გარდაცვალებამდე კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. გოძიაშვილი გამოირჩეოდა ჭეშმარიტი არტისტიზმით, მკაფიო აქტიორული ინდივიდუალობით, მაღალი პროფესიული ოსტატობით, იმპროვიზაციის დიდი უნარით, სცენური მომხიბვლელობით, მუსიკალობით, პლასტიკურობით. მის შემოქმედებაში აისახა ახალი ქართული თეატარის საუკეთესო ტრადიციები. გოძიაშვილი წარმატებით ასრულებდა როგორც დრამატულ ისე კომედიური და გროტესკულ როლებს. მის მიერ შექმნილი ლუარსაბ თათქარიძის სახე ("კაცია–ადამიანი?!", ი. ჭავჭავაძის მიხედვით) ქართულ თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული აქტიორული სკოლის ერთ–ერთი ბრწყინვალე მონაპოვარი. სხვა როლები: ახმა (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), ავეტიკა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), რუი ბლაზი (ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), მეფე ერეკლე (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), რიჩარდ III (უ. შექსპირის "რიჩარდ III") და სხვა. აღსანიშნავია გოძიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი "ძველი ვოდევილები" (ა. წერეთლის "ბუტიაობა", ა. ცაგარელის "ოინბაზი", ბახუტაშვილის "სასამართლოში"), სადაც თვითონ ბრწყინვალედ შეასრულა ტიგრან ოფოფიანცის, არშაკას და სპექტაკლის წამყვანის – მოხუცი მსახიობის – როლები. გოძიაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. იყო ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსის ლაურეატი. წარმატებით მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა სიკოს ("ქეთო და კოტე", 1948), ავეტიკას ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965) და სხვა როლები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის ვასო გოძიაშვილის ქუჩა.

 

 

წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ