27 სექტემბერი – დაიბადა ოთარ გიგინეიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-12 12:15:53

ოთარ ისიდორეს ძე გიგინეიშვილი (დ. 27 სექტემბერი, 1916, ქუთაისი, - გ. 10 თებერვალი, 1990, თბილისი), ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1989).

 

1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი, 1947 - სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლომატიური სკოლა. 1947-იდან გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1947-1954 მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშედ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტად, მინისტრის თანაშემწედ.

 

1956-1958 იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი, 1958-იდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაშია: 1960-მდე ისტორიის ინსტიტუტში, 1960-იდან - აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი; ერთდროულად, 1974-1990 დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში. იკვლევდა თურქეთის სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ ისტორიას; თურქეთის, ირანისა და რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ; თურქეთში მიმდინარე ეთნო-რელიგიურ პროცესებს. 1968-1990 წლებში იყო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეების მეგობრობისა და კულტურის ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე, 1963-1983 საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

 

 

წყარო: ჯ. გიუნაშვილი. გიგინეიშვილი ოთარ ისიდორეს ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 615.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ