28 მაისი - დაიბადა იაკობ ნიკოლაძე
დამატების თარიღი: 2013-03-01 13:12:10

ნიკოლაძე იაკობ ივანეს ძე [16 (28). V. 1876, ქუთაისი, – 10. III. 1951, თბილისი], ქართველი მოქანდაკე, თანამედროვე ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1946), სამხატვრო აკადემიის ს. წ. (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922).

 

სწავლობადა მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო–სამრეწველო სასწავლებელში (1892–94), ოდესის სამხატვრო სკოლაში (1894–95 და 1897–98), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899–1901). ნიკოლაძის პირველ მნიშვნელოვან ნაწარმოებში, რომელიც 1895 შეიქმნა ("იმერელი გლეხი", თიხა, დაკარგულია), უკვე ჩანდა მოქანდაკის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ. 1897 ნიკოლაძემ შექმნა ლადო ალექსი–მესხიშვილისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები. 1901 ნიკოლაძე მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა; 1902 იგი ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების სამხატვრო სკოლაში მიიწვიეს მასწავლებლად. 1902–03 ნიკოლაძემ ამიერკავკასიის სას.–სამ. გამოფენის ცენტრალურ პავილიონისთვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართველ კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია (შიო არაგვისპირელი, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, ტასო აბაშიძე და სხვ.). ამ ნამუშევრებში ნიკოლაძე უკვე გამოჩნდა უკვე დასრულებული, პროფესიულად საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარი მოქანდაკე.

 

ნიკოლაძე 1904–10 ისევ პარიზში ცხოვრობდა, 1906–07 მუშაობდა როდენის სახელოსნოში (ამ პერიოდს ასახავს ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი "ერთი წელი როდენთან"). აღნიშნული პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "ქარი" (ქვა, 1905), "ჩრდილოეთის ასული", (მარმარილო, 1906); "მოცეკვავე" (ბრინჯაო, 1906); "სალომე" (მარმარილო, 1906 – ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). როდენთან მუშაობამ გარკვეული კვალი დაამჩნია ამ ნამუშევრებს (მასალის ზედაპირის ზედმიწევნით დამუშავება, კრიალა და მქრქალი ზედაპირის ერთმანეთთან დაპირისპირება, ფორმების დანაწევრება). ნიკოლაძის პლასტიკა მატერიალურია, კომპოზიცია – ლაკონური. ნიკოლაძის შემოქმედებას ახასიათებს სტატიკურობა, კამერულობა, ცხოველხატულობა, პოეტურობა; მოგვინებიოთ – შეკრული ფორმა, ჩაკეტილი კომპოზიცია. მოქანდაკე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათებას. მისთვის შუქი მოდელირების არსებითი საშუალება იყო. მისი ნამუშევრები სავსეა შინაგანი დინამიკით; პორტრეტები გამოირჩევა ღრმა ფსიქოლოგიზმით. ნიკოლაძის დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი "მწუხარე საქართველო" (შეუკვეთეს 1908 პარიზში. იქვე შექმნა და ჩამოასხა ქალის მთლიანი ფიგურა, დაიდგა 1913 მთაწმინდის პანთეონში). ამის შემდეგ ნიკოლაძემ თუმცა რამდენიმე საფლავის ძეგლი და მთლიანი ფიგურა შექმნა, მაგრამ იგი მაინც ძირითადად პორტრეტისტი იყო. 1937–38 შექმნა შოთა რუსთაველის სამი პორტრეტი. 1922 გაიხსნა ეგნატე ნინოშვილისა, ხოლო 1923 აკაკი წერეთლის. 1944 შექმნა XII ს. ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – ჩახრუხაძის პორტრეტი, მოგვიანებით მან იგი მარმარილოში გადაიტანა და რამდენადმე შეცვალა პირველი ვარიანტი. ჩახრუხაძის პორტრეტი მოქანდაკის ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

 

იაკობ ნიკოლაძე დაჯილდოებულია ორი ორდენითა და მედლებით.  

 

წყარო: ქსე. ტომი VII

ფოტოები: 1. ძეგლი ი. ჭავჭავაძის საფლავზე; 2. "მწუხარე საქართველო"  (მამია დუდუჩავა, "იაკობ ნიკოლაძე", თბ. "ხელოვნება", 1976)

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ