28 ნოემბერი – დაიბადა უშანგი ჩხეიძე
დამატების თარიღი: 2013-03-14 12:57:53

ჩხეიძე უშანგი ვიქტორის ძე (1898–1953), მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1933). სწავლობდა გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში.

 

თავდაპირველად მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრების წარმოდგენებში. 1920–იდან მონაწილეობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921–იდან – თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში. წარმატებით შეასრულა როლები: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" და "სამანიშვილის დედინაცვალი"), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა"), ფილი კულენი (ჯ.სინგის "გმირი") და სხვა. 1925 წელს ჩხეიძემ ბრწყინვალედ ითამაშა ჰამლეტის როლი (უ. შექსპირის "ჰამლეტი") და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც მაღალნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა. შემდეგ იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ თეატრში (1933–იდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) ჯერ ქუთაისში (1928–30), 1930–იდან – თბილისში. აქ კ. მარჯანიშვილის დადგმებში (1928–32) მაღალმხატვრულად შეასრულა როლები: კარლ ტომასი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), ბეგლარი (კ. კალაძის "როგორ"), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის "ურიელა კოსტა"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კვეჟენაძე (შ. დადიანის "კაკალ გულში"), გულბაათი (კ. კალაძის "ხატიჯე"), გრაფი ჩენჩი (პ. შელი "ბეატრიჩე ჩენჩი"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"). ჩხეიძე როგორც მსახიობი გამოირჩეოდა ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა, ვაჟკაცობით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით. თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს. მისი პიესა "გიორგი სააკაძე" იდგმებოდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სცენაზე (ე. ყუშიტაშვილის დადგმა, 1940 და ვ. ტაბლიაშვილის დადგმა, 1953). დაწერა წიგნები: "კოტე მარჯანიშვილე – რეჟისორი და მასწავლებელი" (1949), "მოგონებები და წერილები" (1956). კინოში ითამაშა როლები: ნიკო ("ქარიშხლის წინ", 1925), რაიკომის მდივანი იულონი ("ნარინჯის ველი", 1937) და სხვა.

 

დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. თბილისში არის უშანგი ჩხეიძის ქუჩა.

 

 

წყარო ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ