28 ოქტომბერი – დაიბადა დავით სარაჯიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-13 10:46:18

დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1848, თბილისი ― გ. 20 ივნისი, 1911, იქვე), ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

 

1866 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წელი სწავლობდა მიუნხენის უნივერსიტეტში, შემდეგ კი - ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1872-1878 ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. 1878 გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.

 

საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველო ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის; 1885 სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. 1888 თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1900-თვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. 1889-1913 სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით "ძველისძველმა") და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა. სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის", სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.

 

წყარო: ბერიძე გ., ღლონტი თ., ქართველი მეღვინეები, თბ., 1974;

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ