28 სექტემბერი - დაიბადა გიორგი ტოვსტონოგოვი
დამატების თარიღი: 2013-03-12 12:09:44

ტოვსტონოგოვი გიორგი ალექსანდრეს ძე - რეჟისორი, პედაგოგი, თეატრის თეორეტიკოსი. დაიბადა 1915 წლის 28 სექტემბერს თბილისში.

 

შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1931 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეტრში, როგორც მსახიობმა და რეჟისორის ასისტენტმა 1934 წელს ამ თეტრში დადგა თავისი პირველი სპექტაკლი (ნ. გოგოლის "რევიზორი”). 1938  წელს დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1938-46 წლებში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის რეჟისორი იყო. ამ თეატრში დადგა: ს. ნაიდიონოვის "ვანიუშინის შვილები”, ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები”, ლ. ჰელმანის "მელიები”. პარალელურად მოღვაწეობდა პედაგოგად საქართველოს რუსთავილს სახ. თეატრალურ ინსტიტუტში. 1946-49 წლებში მუშაობდა მოსკოვის ცენტრალურ საბავშვო თეატრში, ხოლო 1950-56 წლებში ლენინგრდის ლენინური კომკავშირის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ლენინგრადის დიდ აკადემიურ დარამტულ თეატრს (გარდაცვალების შემდეგ ეწოდა მისი სახელი). 1962 წლიდან იყო ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინ-ტის სარეჟისორო კათედრის გამგე,  1960 წლიდან _ პროფესორი.

 

გიორგი ტოვსტონოგოვის სპექტაკლები გამოირჩეოდა ფორმის სიმკვეთრით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ნაწარმოების ღრმა ფსიქოლოგიური წვდომით. მისი ხელოვნება ათეული წლების მანძილზე მსოფლიო თეატრალური ხელოვნების ყურადღების ცენტრში იყო. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან გამოირჩევა ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია”, ა. ვოლოდინის "ჩემი უფროსი და”, "ხუთი საღმო”, გ. ფიგერეიდუს "მელა და ყურძენი”, დოსტოევსკის "იდიოტი”, ა. ცაგარელის "ხანუმა”, ლ. ტოლსტოის "ცხენის ისტორია” და სხვა.

იყო სსრკ  სახალხო არტისტი (1957), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1968), სოციალისტური შრომის გმირი (1983), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1974), სსრკ სახელმწიფო (1950, 1952, 1968, 1978) და ლენინური (1958) პრემიების ლაურეატი. სსრკ VII-VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებული იყო ლენინის 3 ორდენით, წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. 1983 წელს მიენიჭა თბილისი საპატიო მოქალაქის წოდება. გარდაიცვალა 1989 წლის მაისში.

 

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები. – თბ. 2006.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ