29 ივნისი – დაიბადა პაოლო იაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-04 11:39:29

პაოლო (პავლე) იაშვილი დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს (ზოგან მითითებულია 1892 წლის 2 აგვისტო). მისი მშობლიური სოფელია არგვეთი, ზემო იმერეთში, საჩხერის რაიონი.

მამა – ჯიბრაილი (ჯიბო) იაშვილი, წოდებით აზნაური, ცნობილი პროვიზორი, დიდად მომლხენი და ენამჭევრი თამადაც იყო, მის მონაყოლზე სუფრა სიცილისაგან ზანზარებდა.

დედა – ბაბილინე მდივანი კეთილშობილი და ღრმად მორწმუნე ყოფილა. ოჯახს ექვსი შვილი ყავდა – ხუთი ვაჟი და ერთი ქალი.

1900 წლის სექტემბერში მშობლებმა პაოლო მიაბარეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ტიციანი და ვალერიან გაფრინდაშვილიც სწავლობდნენ. კლასიკურ გიმნაზიაში პაოლო იაშვილი 1911 წლამდე სწავლობდა, შემდეგ მან ანაპის გიმნაზიაში განაგრძო სწავლა. იგი მოწოდებით მხატვარი იყო, ამ მიზნით გაემგზავრა პ. იაშვილი 1913 წელს პარიზში, ლუვრთან არსებული ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად, მაგრამ მოგვიანებით პოეზიით გატაცებამ ხელი ააღებინა ფერწერაზე. პოეტი ახლოს გაეცნო ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას.

ქუთაისში დაბრუნებულმა პაოლომ ახალგაზრდა პოეტებთან ერთად დაარსა ქართველი სიმბოლისტების – "ცისფერყანწელების" ჯგუფი. პ. იაშვილი იყო ერთ–ერთი თანამონაწილე და ინიციატორი ერთდროული ლიტერატორული გაზეთის "პოეზიის დღის" დაარსებისა, რომლის პირველი ნომერი 1920 წლის 7 მაისს გამოვიდა. იგი რედაქტორობდა აგრეთვე ჟურნალ "ცისფერ ყანწებს" და იღვწოდა, როგორც კულტურულ, ისე საზოგადოებრივ სარბიელზე.   

1924 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა მათ ოჯახს თავზარი დასცა. პოეტის ძმა 22 ვასილი სახალხო აჯანყებაში მონაწილეობისათვის შორაპანში დახვრიტეს.

1922–25 წლებში თითქმის 1934 წლამდე პაოლო იაშვილის შემოქმედებითი მუშაობის ინტენსიობა შენელებული ჩანდა.

მისი პირველი ლექსი "ღმერთო, ღმერთო" გაზეთ "კოლხეთში" 1911 წელს გამოქვეყნდა. პაოლო მონაწილეობდა ყოველ ახალ წამოწყებაში, ხალხის კულტურის განვითრებაში. მან მშვენივრად იცოდა ფერწერით მხატვრობა. იგი ფართო დიაპაზონის პიროვნება იყო. მნიშვნელოვანია პ. იაშვილის წვლილი ქართული თეატრის შექმნის საქმეში. იგი კოტე მარჯანიშვილთან ერთად აქტიურად ჩაება ქართული თეატრის აღორძინებისათვის ბრძოლაში. იყო სცენისმოყვარე, მონაწილეობდა ქუთაისის თეატრში დადგმულ სპექტაკლ "ღალატში".

პ. იაშვილი სულხან–საბა ორბელიანის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მას უნდოდა ს.ს ორბელიანის ნეშტის პოვნა ვსეხვსიატკოეში და გადმოსვენება.

პაოლო იაშვილზე ძლიერ იმოქმედა 1931–32 წლებში "ცისფერყანწელების" ჯგუფის გაუქმებამ.

პ. იაშვილის პირველი წიგნი 1955 წელს გამოიცა, ვრცელი კრებული 1959 წელს. პ. იაშვილის ტრიოლეტებისა და სონეტების გარდა ოსტატურად იყო დაუფლებული თავისუფალ ლექსსაც. მის შემოქმედებაში მარგალიტებივითაა გაბნეული მოთხრებები "ფერადი ბუშტები", "სამი ტკივილი". სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დამთავრება პოემისა "გზა მშვიდობისა" (1936–1937 წლები). იგი მუშაობდა პუბლიცისტიკაში და ეწეოდა მთარგმენლობით საქმიანობასაც. მან ბავშვებისთვის დაწერა რამდენიმე ლექსი: "მედეას ლეკვი", "შემოდგომის დღე ფოთი", "ოთარ შოფერი" და სხვა.

უკანასკნელი წერილი მან საყვარელ მედეას გაუგზავნა. მისი სიყვარულითა და უკურნებელი დარდით გაშორდა იგი ამ ქვეყანას. პატარა გოგონას სიყვარულმა ვერ შეაცვლევინა გადაწყვეტილება. პაოლო იაშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გაჩაღებული ბრძოლა იმით დაგვირგვინდა, რომ 1937 წლის ზაფხულში, 22 ივლისს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მწერალთა კავშირის ინიციატივით 1957 წელს მისი ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ