29 მაისი - დაიბადა სოლომონ დოდაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-01 13:09:20

XIX საუკუნის ქართული ფილოსოფიური და საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში სოლომონ დოდაშვილს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. იგი იყო ფილოსოფოსი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, პედაგოგი და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე.

 

სოლომონ დოდაშვილმა ცხოვრების რთული და მძიმე გზა გაიარა.

მისი ფიქრი და სიტყვა ქართველი ერის თავისუფლებისკენ იყო მიმართული. დღენიადაგ იღვწოდა იმისთვის, რომ ქართველ ერს საკაცობრიო ცივილიზაციის ისტორიაში კანონიერი ადგილი დაეკავებინა.

სოლომონ დოდაშვილი წარმომავლობით გლეხთა წოდებას ეკუთვნოდა. ის რვა და–ძმის გარემოცვაში იზრდებოდა. სოლომონის მამა – ივანე დოდაშვილი მღვდელი იყო. განათლება გარეჯის მონასტერში მიუღია. განსაკუთრებით ზრუნავდა შვილების სწავლა–განათლებაზე.

 

სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, როდესაც საარქივო მასალებიდან ირკვევა, ს. დოდაშვილი ჩაება პედაგოგიურ საქმიანობაში (სიღნაღის სამრევლო სკოლაში).

 

1824 წელს, გაჭირვებული ცხოვრების მიუხედავად, სწავლას აგრძელებს პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ–იურიდიულ ფაკულტეტზე. ის იყო პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა და მოაზროვნე ახალგაზრდამ. აქ დაწერა ცნობილი ფილოსოფიური ნაშრომი "ლოგიკა".

 

პეტერბურგში ს. დოდაშვილი უახლოვდება თეიმურაზ, ბაგრატ და იოანე ბაგრატიონების ოჯახს.

1827 წელს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე, იწყებს მუშაობას პედაგოგად თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. ასწავლის ლოგიკას, რიტორიკას, ქართულ სიტყვიერებას, გეოგრაფიას, წერს სახელმძღვანელოებს, ადგენს ლექსიკონს, წერს საჟურნალო სტატიებს.

რედაქტორობს გაზეთ "თბილისის უწყებანი" – ს ქართულ გამოცემას და პირველ ქართულ ჟურნალს "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი". ირგვლივ შემოიკრიბა ი. მამაცაშვილი, მ. ერისთავი, დ. ყიფიანი. მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა განათლების გავრცელება და ეროვნული გრძნობების გაღვივება ქართველ ერში.

 

სოლომონ დოდაშვილი მონაწილეობას ღებულობდა 1832 წლის შეთქმულებაში, რის გამოც, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, შორეულ ვიატკაში გაასახლეს. მიუხედავად იმისა, რომ პეტერბურგი დეკაბრისტების აჯანყებისა და მათი დასჯის მოწმე იყო, მათთან კავშირი მაინც არ გაუწყვეტია. განსაკუთრებით მეგობრობდა გადასახლებაში მყოფ გერცენთან.

 

მძიმე სენით შეპყრობილი სოლომონ დოდაშვილი, ოცდათერთმეტი წლის ასაკში, 1836 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა ქვეყნის და ერის წინაშე ვალმოხდილი.

 

ქართველმა ხალხმა აუსრულა ოცნება და მთაწმინდაზე, ქართველ მოღვაწეთა გვერდით მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი.

 

 

წყარო: სოლომონ დოდაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები. 29–30 ნოემბერი. – თელავი. [ცოდნა], 2005.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ