29 მარტი – დაიბადა აკაკი ბაქრაძე
დამატების თარიღი: 2013-02-20 09:59:11

აკაკი ბაქრაძის თხზულებათა სრული კრებული 2004-2006 წლებში, მწერლის გარდაცვალების შემდეგ, გამოიცა. რვატომეულში შევიდა უკვე გამოქვეყნებული და ცენზურის მიერ აკრძალული, დაუბეჭდავი სტატიებიც.

მეორე ტომის შესავალში ზურაბ კიკნაძე წერს: "აკაკი ბაქრაძისათვის არ არსებობს დანაწევრება: ეს მხატვრული შემოქმედებაა, ის პოლიტიკა; ან ეს ესთეტიკას ემსაურება, ის - მორალს, ის კიდევ - ეროვნულ პოლიტიკას." ამავე პრინციპს იცავდა საქმეშიც, სამსახურისა და თანამდებობის, სახელმწიფოებრივი წყობისა თუ ხელმძღვანელობის მისდამი დამოკიდებულების მიუხედავად მხოლოდ სიმართლეს ემსახურებოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში რეზო თაბუკაშვილმა დააწყებინა მუშაობა. ჯერ რედაქტორი იყო, შემდეგ მთავარი რედაქტორი. პირველი წერილი 1957 წელს გამოაქვეყნა, რეცენზია ფილმზე "ჩვენი ეზო", პირველი წიგნი "კინოკრიტიკული ეტიუდები" და "კრიტიკული წერილები" 1966 წელს გამოსცა. 1973-80 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი. იმ პერიოდის კინო და თეატრალურ ცხოვრებაზე მოგვითხრო წიგნებში "ცამეტი წელიწადი კინოში" და "ნიღბების სამყაროში". ამიტომ ავტორმა საკუთარ თავს შეახსენა: "ტყუილად არ ამბობენ - იმდენს არავინ ცრუობს, რამდენსაც მემუარისტიო" და შეეცადა, დოკუმენტებით ესაუბრა, თანაც არ ივიწყებდა ძველ რომაელთა შეგონებას - "მრისხანებისა და მიკერძოების გარეშე!"  კინომცოდნე გოგი გვახარიამ წიგნს "ცამეტი წელიწადი კინოში" ქართული კინოს ფონის ისტორია უწოდა. იგივე შეიძლება ითქვას წიგნზეც "ნიღბების სამყაროში". ამ წიგნებში აღწერილ 25 წელიწადში, რეჟისორთა და მსახიობთა შემოქმედებითი მოღვაწეობის მიღმა მთელი სახელმწიფოს, საბჭოთა საქართველოს  ცხოვრება იკითხება.

თუმცა აკაკი ბაქრაძე კინოში რედაქტორის ფუნქციას უმნიშვნელოდ მიიჩნევდა და თეატრის დირექტორობაც არ არის შემოქმედებითი თანამდებობა, მაგრამ იდეოლოგიური თუ მხტვრული სტანდარტებიდან განსხვავებული  ფილმისა და სპექტაკლის დასადგმელად ნამდვილი ბრძოლა იყო გადასატანი პარტიულ ნომენკლატურასთან და ისიც იბრძოდა, რომ გადაღებულიყო "ვედრება", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "დიდი მწვანე ველი", "გიორგობისთვე" ანდა დადგმულიყო  "ყვარყვარე", "კავკასიური ცარცის წრე", რიჩარდ III". შემდეგ ხელისუფლება ამ ფილმებითა და სპექტაკლებით თავს იწონებდა, თუმცა აკაკი ბაქრაძეს "ხსნიდნენ" და დიდხანს უმუშევრად ტოვებდნენ. 1986 წელს მისთვისაც  გამოინახა სამსახური - კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ რედაქტორად, 1989 წელს კი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს.

აკაკი ბაქრაძის მოღვაწეობა მხოლოდ სამსახურით არასოდეს შემოფარგლულა. ქართულ ისტორიულ, ლიტერატურულ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ სფეროში არ დამდგარა საკითხი, სადაც მას თავისი სიტყვა არ ეთქვა, პირიქით, ძალიან ხშირად  თვითონ იყო ინიციატორი ამა თუ იმ თემაზე კამათის, მსჯელობის დაწყებისა. პრინციპად ჰქონდა - "მე ვერავინ ამიკრძალავს იმის წერას, რისი წერაც მიზანშეწონილად მიმაჩნია". თვლიდა, რომ ერის ბედი თვითონ ერმა უნდა გადაწყვიტოს და არა მთავრობამ. ამიტომ ცდილობდა ხალხამდე მიეტანა ყველა საჭირბოროტო საკითხი. მისთვის არ არსებობდა თავის არიდება საბაბით - "მაინც არ დამიბეჭდავენ", როდესაც სტატიას არ უბეჭდავდნენ,  არალეგალურად ავრცელებდა. ასეთ წერილებს წარწერაც ჰქონდა: "გაამრავლე, წააკითხე სხვას!" მართლაც, ინტერესი უფრო ღვივდებოდა და სტატიები ხელიდან ხელში გადადიოდა.

აკაკი ბაქრაძე პუბლიცისტიკაში ილია ჭავჭავაძის გზის გამგრძელებელი იყო. ღრმად სწავლობდა ისტორიულ, ლიტერატურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს და მოურიდებლად ამხელდა ნაკლს, გადაცდომას თუ დანაშაულს. მის ყოველ წიგნსა და წერილს დიდი მღელვარება მოსდევდა - მკითხველი ინტერესით ეცნობოდა,  ოფიციოზი კი ცდილობდა აეკრძალა, დაემახინჯებინა, უპასუხოდ არ დაეტოვებინა.

1984 წელს გამოვიდა წიგნი "წიწამური, ანუ ილია ჭავჭავაძის ცხოვრება". აკაკი ბაქრაძემ კომუნისტური მმართველობის დროს გაბედა და პირველმა დაწერა, რომ ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას მრავალი დანაშაული აქვს ჩადენილი. ასეთივე პათოსით იყო გაჟღენთილი სხვა მონოგრაფიები: "აკაკი წერეთელი - ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე", "ნიკო ნიკოლაძე", "კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი", "მითოლოგიური ენგადი".

სტატიებსა და წიგნებზე არანაკლები ინტერესით ეტანებოდნენ მის საჯარო ლექციებს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ეროვნულ და საზოგადოებრივ საკითხებზე. ერთი მხრივ ახალგაზრდებში ეროვნულ სიამაყეს აღვივებდა, მეორე მხრივ აფრთხილებდა: "წარსულით ცხოვრება არ შეიძლება. ყველა ერი, ყველა პიროვნება უნდა ცხოვრობდეს მომავალით და მომავლისკენ უნდა იყოს მისი მზერა მიპყრობილი." როდესაც ხელისუფლებისა და  ხალხის დაახლოების ტენდენცია გაჩნდა და  პარტიული ხელმძღვანელები სხვადასხვა დარგის მუშაკებთან შეხვედრას აღარ ერიდებოდნენ, აკაკი ბაქრაძის პირდაპირი სიტყვა სხვაგვარად მუხტავდა ყველა თავყრილობას.

დიდი პოპულარობის მიუხედავად, 80-იანი წლების ბოლოს ლიდერობაზე მტკიცე უარი თქვა, რადგან იცოდა, "საქმის კაცობას ისევე სჭირდება ღვთით ბოძებული ნიჭი, როგორც პოეტობას და მუსიკოსობას." ამავე დროს, არასასურველ ნიშნებსაც ამჩნევდა და სხვასაც აფრთხილებდა: "ბრბოს სიძულვილზე უფრი საშიში ბრბოს თაყვანისცემაა. ბრბოს თაყვანისცემა აჩერჩეტებს, აბრიყვებს, დიდკაცობის ცრუ ილუზიას უქმნის. აქ კი საკმარისია ერთი მცირე შეცდომა, რომ ბრბომ დაუნდობლად გაგწიროს."

საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ ეროვნულ ეიფორიაში არ ჩავარდნილა, უღირსთა ძეგლების ნგრევა და აბრების გამოცვლა ქვეყნის შენებად არ მიუღია. მას სხვა მოთხოვნა გაუჩნდა: "ხალხი, რომელიც ვერ შეძლებს ააღორძინოს, ააყვავოს თავისი ქვეყნის ეკონომიკა, მრავალმხრივი, ძლიერი და მტკიცე გახადოს იგი, ვერც ეროვნული თავისუფლების მოპოვებას მოახერხებს."

აკაკი ბაქრაძე მუდმივი ოპოზიციონერი იყო. ბევრს არ ესმოდა მისი ასეთი უკმაყოფილება,  თუმცა მოგვიანებით, მის სიმართლეში მაინც რწმუნდებოდნენ.

გარდაიცვალა 71 წლის, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ