2 აპრილი – დაიბადა ტიციან ტაბიძე
დამატების თარიღი: 2013-02-27 11:28:14

ტიციან ტაბიძე დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაში – ტიციანის მამა – იუსტინე ტაბიძე თავისი დროისათვის ფრიად წიგნიერი  და განათლებული პიროვნება ყოფილა. იგი კარგად იცნობდა ქართული კულტურის ისტორიას.

იუსტინე ტაბიძე ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაუმთავრებია, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გაუგრძელებია სწავლა. ტიციანის დედა – ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა. "მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს" – წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში.

1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901 –1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. 1906  წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.

1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა  და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის  აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ