2 დეკემბერი – დაიბადა დიმიტრი უზნაძე
დამატების თარიღი: 2012-12-21 11:49:54

უზნაძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე [1886(87) – 1950], ფსიქოლოგი, საქართველოში მეცნიერული ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი (1918).

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1909). ამავე წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება ნაშრომისათვის "ვ. სოლოვიოვი – მისი შემეცნების თეორია და მეტაფიზიკა". 1918–იდან უზნაძე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1918 – 50), ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი გარდაცვალებამდე (1943–50), საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების დამაარსებელი (1927).

 

უზნაძე იყო საქართველოში შრომის ფსიქოლოგიის, ფსიქო–ტექ., ბავშვის ფსიქოლოგიის და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. უზნაძემ შეისწავლა ფენომენი (ე. წ. "უზნაძის ეფექტი"), რომელიც საფუძვლად უდევს განწყობის ექსპერ. მეთოდს. უზნაძისა და მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების გამოკვლევების შედეგად განწყობის "მცირე თეორია" (რომელშიც განწყობის, როგორც ფსიქიკური ფენომენის, თავისებურებებს შეისწავლიდნენ) გადაიქცა განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ "დიდ" თეორიად, რომელიც ადამიანის აქტივობის ძირითად ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს შეისწავლის.

 

უზნაძის ფუნდამენტურ ნაშრომებს შორის ფსიქოლ. განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა მონოგრაფიებმა: "ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები" (1925), "ზოგადი ფსიქოლოგია" (1940), "განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები" (1949). ამ წიგნებზე აღიზარდა ფსიქოლოგთა თაობა, რომელმაც განწყობის თეორია ფსიქოლოგიის ერთ–ერთ მიმართულებად აქცია. 1950 ფსიქოლოგიის ინსტიტუტს უზნაძის სახელი მიენიჭა. 1951–იდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია უზნაძის სახელობის სტიპენდია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა უზნაძის სახელობის პრემია ფსიქოლოგიის დარგში (1986). სახლში,სადაც ის ცხოვრობდა, გახსნილია უზნაძის სახლ–მუზეუმი. მასში დაცულია უზნაძის პირადი ნივთები, წიგნები, სამუშაო კაბინეტი.

 

უზნაძე დაკრძალული იყო ვაკის სასაფლაოზე, 1986 გადმოასვენეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო–სავანეში. თბილისში არის დიმიტრი უზნაძის ქუჩა.

 

  

წყარო: ქე.–თბილისი.–ენციკლოპედია.–2002 წ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ