2 მაისი – დაიბადა თედო ჟორდანია
დამატების თარიღი: 2013-03-04 11:12:44

მე რომ სემინარიის პირველ კლასში შევედი თ. ჟორდანია მეოთხე კლასში იყო… - მოსე ჯანაშვილის მოგონებანი.მე რომ სემინარიის პირველ კლასში შევედი (1873 წ), თ. ჟორდანია მეოთხე კლასში იყო. პირად მისი გაცნობა არ მომიხდა, თუმცა მის კურს გათავებამდე სამი წელიწადი ერთად დავყავით სემინარიის კედლებ შუა. შორიდან კი მას კარგად ვიცნობდი.

 

მაშინ სემინარიის უფროსს კლასელებ შორის იმართებოდა პაექრობა სხვა და სხვა თემაზე. კამათის საგნად გახდებოდა ხოლმე რომელიმე ფილოსოფოსის ან გამოჩენილ კაცის რაიმე ნასიბრძნი. გაცხოველდებოდა რა ბაასი და პაექრობა, ერთისა თუ მეორის მხრიდამ გამოდიოდა კანტი, ფიხტე, დარვინი, სპენსერი, ბოკლი, გიუგო, არისტოტელი, სოკრატი ან ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი, ბაკუნიანი, პისარევი, ილია, აკაკი, პლ. გაბრიელი, შოთა, იოსელიანი და სხ. მოზარდთა შეყოლა სწეწავდა და ჰპენტავდა ამისთანა დიდ–დიდ სახელებს, ავტორიტეტებს. პირისპირ შემბმელი ორი იყო, მაგრამ ორივეს ჰყვანდა თავისი მომხრეები, რომელნიც საჭიროებისამებრ ჰშველოდნენ თავისს ბელადს ტექსტების  მოგონებითა თუ სხვაფრივ.

 

პაექრობა ჩვეულებრივ იმართებოდა სადილის შემდეგ და რომ გაცხარდებოდა, სემინარიის შენობას ზანზარი გაჰქონდა ერთის მხრით ორატორების სიცხარის გამო და მეორის მხრით მოძრაობისა გამო სემინარიელებისა, რომელნიც მოისწრაფოდნენ მპაექართა ყურის დასაგდებად. კაი მპაექარად ითვლებოდნენ კვანჭახიძე, მ. ილურიძე, დ. ალადაშვილი, შ. შიუკაშვილი, თ. ჟორდანია, გ. საძაგლიშვილი, ნ. ლომაური, უთურგაუური და სხვ.

 

პაექრობას ხელს უწყობდნენ მასწავლებელნი იოსელიანი, ცხეთაძე, ტურიაშვილი, ცვეტკოვები, გოგებაშვილი, რადგან ცხადად ხედავდნენ ამგვარ პაექრობის სარგებლობას: მით მოსწავლენი ეცნობებოდნენ მეცნიერების შეხედულებას ღმერთსა და მსოფლიოზე და ეჩვეოდნენ სამჭერმეტყველო ხერხს, იძენდნენ დაკვირვებას, სიმხნევეს, სამშობლო ქვეყნის ჭირვარამის ცოდნას და სხ.

 

ამისთანა კეთილმა საქმემ, ჩვენის ფიქრით, დაუდო საფუძველი მომავალ შრომას იგეთ მაშინდელ სემინარიელებისას ვით ეპ. კირიონი, ს. მგალობლიშვილი, ნ. ლომაური, თ. ჟორდანია, ა. ნატროშვილი, ვ. ბარნოვი, მ. ილურიძე და სხვ.

 

ვიმეორებ, ამ პაექრობის დროს შორიდან გავიცანი თედო. იგი იშვიათად პაექრობდა, მაგრამ ყოველთვის სიმხნით, გაბედულად, ყველანი აქებდნენ მას, როგორც საკმაოდ განვითარებულს ახალგაზრდას.

 

სემინარი დაამთავრა 1875 წ. და იმავე წელს შევიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. იქვე მაშინ სწავლობდა ჩემი ბიძაშვილი ცნობილი დ. ჯანაშვილი. ამასთან ხშირი მიწერ–მოწერა მქონდა, და იგი თავის წერილებში ქებით იხსენიებდა თ. ჟორდანიას და იქვე მოსწავლე ქარ. უგრელიძეს.

 

ამ მიწერ–მოწერამ შეამზადა ქართველი სამღვდელოება რომელმაც ახალ კურს დასრულებული თედო ჟორდანია ამოირჩია ზედამხედველად თფ. სას. სასწავლებლისა (1879 წ). მის ამორჩევას ხელი შეუწყო ნ. ნიკოლაძის "ობზორმაც" და აგრეთვე ი. მეუნარგიამ.

 

სკოლის საქმეს კარგად აწარმოებდა, რადგან სარგებლობდა თავის მეგობრის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის მიხ. ასათიანის გამოცდილებით.

 

სამწუხაროდ, იგი დიდხან არ დარჩა აქ: ფაორსკის ადგილი გაუცვალა და გადავიდა თბილ. სასულიერო სემინარიაში აქ ჩააბარეს მას ქართული ენის მასწავლებლობა, მაგრამ ამ ენას, მთავრობის პროგრამის ძალით, ასწავლიდა რუსულ ენის შუამავლობით ისე, ვით ისწავლება ლათინური თუ ბერძნული. მიუხედავად ამისა, მასში თავიდგანვე ბუდობდა ღვთიური ნაპერწკალი, რომლის მეოხებით შესძლო აღეზარდა მრავალი საფუძვლიანი მცოდნე ქართულ–მეტყველთა და საქართველოს მოყვარე მოღვაწეთა.

 

ამასთანავე იგი მუშაობდა წ. კ. ბიბლიოტეკაში და აგრეთვე საეკლესიო მუზეუმში, რომლის გამგედაც  იყო 1889 წლიდამ 1896 წლამდე. შემდეგ იგი ინიშნება სამრევლო სკოლების ზედამხედველად და აქაც, მიუხედავად სიძნელისა, სცდილობდა ქართულ ენას გაუხსნას გზა ფართო.

 

მისი გულითადი საქმე და მოწოდება კი იყო სამეცნიერო მუშაობა. დიდი ღირსებისაა მისი "დავით გურამიშვილი და მისი დრო", "იოსებ სამებლი", "ისტორიული ოფოფები", ორ ტომად დაბეჭდილი მისი ქრონიკები და სხვ. მასალები, რომელიც სახელდახელო წიგნად გახდა საქართველოს წარსულის შემსწავლელთათვის. ამგვარივე მნიშვნელობისაა მის მიერ შედგენილი საეკლესიო მუზეუმის კატალოგი, რომელშიაც აღწერილია 800 ხელნაწერი.

 

ამ რამდენიმე დღის წინად ჩვენთან იყო თედო და დიდის იმედებით ლაპარაკობდა თავის მომავალ მუშაობაზე. მინდა კიდევ ვიცოცხლო, რომ განვაგრძო ჩემი ქრონიკები და ორიოდე "ისტორიული ოფოფები" მიუძღვნა საქართველოს წარსულის დამმახინჯებელთაო.

 

მოსე ჯანაშვილი

 

გაზ. საქართველო 1916 წ. N 240                                                                                        

                                                                                                                                            

                                                                           

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ