2 ნოემბერი – დაიბადა ვიქტორ კუპრაძე
დამატების თარიღი: 2013-03-18 09:55:06

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე დაიბადა  1903 წლის 2 ნოემბერს სოფელ ყელაში (ლანჩხუთის რაიონი), რკინიგზელის ოჯახში.

 

1922 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვ. კუპრაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე. 1927 წელს ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლების ანდრია რაზმაძისა და ნიკო მუსხელიშვილის წარდგინებით იგი დატოვეს უნივერსიტეტში სამუშაოდ ასისტენტის თანამდებობაზე. 1929 წელს ვ. კუპრაძემ გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი.

1930 წელს ვ. კუპრაძე ჩაირიცხა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, რომელიც 1931 წელს წარმატებით დაამთავრა.

 

1933–1935 წლებში ვ. კუპრაძე მუშაობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში სწავლული მდივნისა და უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის თანამდებობაზე.

 

1935 წელს მან იქვე წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1936 წელს ვ. კუპრაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1936–1941 წლებში იგი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად ხელმძღვანელობდა კათედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

 

მეორე მსოფლიო ომის წლებში ვ. კუპრაძე საბჭოთა არმიის რიგებში იყო და ერთ–ერთ საფრონტო გაზეთს რედაქტორობდა. ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ ვ. კუპრაძე დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად სამეცნიერო ნაწილში. 1943 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1946 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

 

1944–1953 წლებში ვ. კუპრაძე იყო საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო 1954–1958 წლებში–თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

 

1963 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლად ჩამოყალიბებული მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს–მდივნად აირჩიეს, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ამავე დროს განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა კათედრას.

 

1971 წელს ვ. კუპრაძეს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. იგი დაჯილდოებული იყო ლენინის ორი ორდენით, შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებითა და სხვა.

 

ვ. კუპრაძის გამოკვლევები ძირითადად ეხება მათემატიკური ფიზიკის, მათემატიკური დრეკადობის თეორიის, დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის აქტუალურ პრობლემებს. მისი არაერთი ნაშრომი თარგმნილი და გამოცემულია უცხო ენებზე.

 

ვ. კუპრაძე გარდაიცვალა 1985 წლის 24 ნოემბერს.

 

წყარო: თბილისი ენციკლოპედია. – თბ. 2002.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ