30 აგვისტო - დაიბადა ალექსანდრე ჯავახიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:22:39

ჯავახიშვილი ალექსანდრე (ლალი) ივანეს ძე (1917–97), არქეოლოგი და ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (1983). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1976). ვარძიის მუზეუმ– ნაკრძალის მეცნიერ თანამშრომელი (1942), 1943–იდან მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (1948–52 იყო სწავლული მდივანი, 1952–54 – ისტ.–არქეოლ. განყოფილების გამგე; 1954–56 – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1956–იდან – ფეოდალურამდელი ხნის საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1973–იდან – დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში).

 

1956–იდან თსუ ისტორიის ფაკულტეტზე დროდადრო კითხულობდა ხელოვნების ისტორიის ლექციების კურსს. ჯავახიშვილის სამეცნიერო ინტერესები ძირითადად მიმართული იყო საქართველოს და კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურებისა და განსაკუთრებით მტკვარ–არაქსის კულტურის შესწავლისადმი. მისი მონაწილეობით გაითხარა ქვაცხელებისა და ხიზანაანთ გორის ადრინდელ ბრინჯაოს ხანის სამაროვანი (1954–64), შულავრის, იმირისა და ხრამის დიდი გორის ადრინდელ სამიწათმოქმედო ხანის ნამოსახლარები (1965–71), ბერიკლდეების ნამოსახლარი (1979–83), ჯავახიშვილი ავტორია ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის არქეოლ. გამოფენისა (1960), რომელმაც სამუზეუმო ექსპოზიციის დარგში ახალი ეტაპი შექმნა. სამეცნიერო შრომები:მხატვრული ხელოსნობის ისტორიიდან, "საბჭოთა ხელოვნება”. 1955, N 6; 1956, N 6; ხაიშის განძი, "მნათობი”, 1958 N 3; ურბნისი, I, ნაკვ. I – ქვაცხელების (ტელებიაქოხის) ნამოსახლარზე 1954 – 1961 ჩატარებული გათხრები; თბ., 1962 (თანაავტორი ლ. ღლონტი); უძველესი მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურები საქართველოს ტერიტორიაზე, თბ. 1971; უძველესი საცხოვრებელი შენობები საქართველოს ტერიტორიაზე,  (ძვ. წ. V –III ათასწლეულები), "ძეგლის მეგობარი” 1968, N 14 და სხვა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

 

 

წყარო: ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. – 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ