30 ივლისი – დაიბადა ვიქტორ დოლიძე
დამატების თარიღი: 2013-03-05 14:34:03

დოლიძე ვიქტორ ისიდორეს ძე (1890–1933), კომპოზიტორი, ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებელი. თბილისის კომერციულ სასწავლებელში სწავლისას ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი (მანდოლინისა და გიტარის, რომელთა ვირტუოზი შემსრულებელი თვითონვე იყო).

 

1910 თბილისში გამართულ მანდოლინაზე დამკვრელთა კონკურსზე პირველი პრემია დაიმსახურა. 1917 დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი. პარალელურად მეცადინეობდა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოსა  და კომპოზიციის კლასებში. აქვე მოისმინა მუსიკალური თეორიის დისციპლინების კურსი. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში შექმნა სამი ოპერა: "ქეთო და კოტე" (ა. ცაგარელის "ხანუმას" მიხედვით, დაიდგა 1919), "ლეილა" (ა. ცაგარელის ნაწარმოებების მიხედვით, დაიდგა 1922) და "ცისანა" (ს. ერთაწმინდელის სიუჟეტზე, დაიდგა 1929). ეკუთვნის აგრეთვე სიმფონიური ნაწარმოებები, რომანსები. დოლიძეს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ოპერა "ქეთო და კოტემ", რამაც იმავე 1919 პირველად დადგმულ დ. არაყიშვილის ოპერა " თქმულება შოთა რუსთაველზე" და ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერთან" ერთად ტრიუმფით დააგვირგვინა ქართული კლასიკური ოპერის დაფუძნების პროცესი. სხვადასხვა დროს "ქეთო და კოტე" იდგმებოდა ყოფილი სსრკ–ის არაერთ საოპერო თეატრის სცენაზე, აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში. ოპერის წარმატება განაპირობა კომედიურმა სიუეტმა, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. კომპოზიტორი ფართოდ იყენებს ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებსა და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. ოპერის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი "ქეთო და კოტე" (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, 1948). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის ვიქტორ დოლიძის ქუჩა.

 

წყარო: ქე.– თბილისი. – ენციკლოპედია. – თბ. 2002 წ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ