30 ივნისი – დაარსდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება
დამატების თარიღი: 2013-03-04 11:36:00

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება დაარსდა თბილისში, 1907 წ. ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით, ისტორიის მოყვარულთა წრის ბაზაზე. წესდების შესაბამისად, საზოგადოების წევრები იყოფოდნენ კატეგორიებად: მზრუნავნი, საპატიონი, ნამდვილნი, კორესპონდენტები და დამხმარენი. საზოგადოებას ჰქონდა საისტორიო, საეთნოგრაფიო, სალინგვისტო და სანუმიზმატიკო განყოფილებები, რომელთა წევრები აგროვებდნენ, სწავლობდნენ და ინახავდნენ საქართველოსა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების ისტორიულ, არქეოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, ლიტერატურულ და ეთნოგრაფიულ მასალებს. საზოგადოებამ დაარსა წიგნთსაცავი და მუზეუმი; გამოსცა სამეცნიერო შრომების ორი სერია: "ძველი საქართველო" და "საქართველოს სიძველენი". საზოგადოების თავმჯდომარეები იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი (დაარსებიდან 1921–მდე) და ივანე ჯავახიშვილი (1922–31). საზოგადოების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენა ა. შანიძე, გ. ჩუბინაშვილი, ს. ჯანაშია, შ. ამირანაშვილი, გ. ჩიტაია და სხვ.

 

საზოგადოების მუშაობა ფაქტობრივად შეწყდა 30–იან წლებში. მუშაობა ახალი ძალით გაიშალა 1959 წლიდან, როცა შეიქმნა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, ხოლო შემდეგ საქართველოს საისტორიო საზოგადოება.

 

წყარო: ენციკლოპედია "თბილისი". თბილისი, 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ