30 ნოემბერი – დაიბადა გიორგი ნიორაძე
დამატების თარიღი: 2013-03-14 12:55:18

ნიორაძე გიორგი ყაფლანის ძე (1886–1951), ქართული არქეოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (1946).

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1933), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944). 1925–იდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. 1926–იდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 1934–იდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის გამგე. 1935 დაინიშნა საქართველოს არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად. 1933–43 განაგებდა ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (შემდგომში ისტორიის ინსტიტუტი) არქეოლოგიის განყოფილებას. ნიორაძის არქეოლოგიური გამოკვლევები მოიცავს ქრონოლოგიური დიაპაზონის ძეგლებს ქვის ხანის მღვიმე საცხოვრისებიდან ფეოდალურ ხანამდე. მისი ეთნოლოგიურ–ანთროპოლოგიური გამოკვლევები  ეძღვნება ქართველების, ოსების, კავკასიისა და ციმბირის ხალხთა ყოფას, რელიგიას, ზოგადად კულტურისა და ისტორიის საკითხებს. ნიორაძემ გამოიკვლია დასავლეთ საქართველოს ხელოვნური ბორცვების ხასიათი და ასაკი, აღმოსავლურქართული ბრინჯაოს კულტურის თავისებურება, ქართულ–წინააზიურ კულტურათა ურთიერთობა. მან გათხარა და შეისწავლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები. 1927 მისი ხელმძღვანელობით გაითხარა ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხი ზემო ავჭალაში, 1930 – მტკვარ–არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი დიდუბეში.

 

 

წყარო: ქე.–თბილისი.–ენციკლოპედია. თბ.– 2002 წელი.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ