30 სექტემბერი - დაიბადა ჯანსუღ ჩარკვიანი
დამატების თარიღი: 2013-03-12 12:08:01

ჩარკვიანი ჯანსუღ ავდიდის ძე – პოეტი. დაიბადა 1931 წლის 30 სექტემბერს ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ სურმუშში. წერს ბავშვობიდან. 1951 წელს დაამთვარა თბილისის მეორე საშუალო სკოლა, 1956 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განყოფილება.

 

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წელს, პირველი წიგნი _ "ერთი ღამის სიჩუმეში” - 1959 წელს. 1962-63 წლებში ჟურნალ "ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანია, 1963-1967 წლებში ჟურნალ "დილას” მთვარი რედაქტორი, 1967-77 წლებში _ ჟურნალ "ცისკრის” მთავარი რედაქტორია, 1977-87 წლებში _ საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანია, შემდეგ ჟურნალ "დროშას” Mმთავარი რეადქტორი. აღსანიშნავია პოეტის წიგნები: "რწმენის კედელი” (1970), "დიდი ნათელი” (1980), "ერთტომეული” (1981), "რჩეული პოემები” (1983), "მე და შენ” (1984), "არცა ვმსახურობდე სხვას!” (1989), პუბლიცისტური წიგნი "თავისუფლება ლომთა ხვედრია”. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (1995, 1999) დეპუტატი, პენ-კლუბის ქართული ცენტრის პრეზიდენტი, სხვადასხვა დროს საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება "თბილისელის” პრეზიდენტი. 1967 წელს ჯ. ჩარკვიანს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის სახელობის პრემია, 1981 წელს _ ხალხთა მეგობრობის ორდენი, არის აგრეთვე "საპატიო ნიშნის” ორდენის კავალერი. 1978 წელს მიენიჭა გ. ტაბიძის სახელობის პრემია, 1998 წელს _ შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. 1985 წელს  ჯ. ჩარკვიანს 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 2005 წელს პოეტს გადაეცა აზერბაიჯანის გაზეთ "ხელოვნების” ჯილდო _ "ხელოვანთა სოლიდარობის” საერთაშორისო პრემია. 1995 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მის ლექსებზე შექმნილია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები. მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარში "Who's Who” (კემბრიჯი, 1999).

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს.

 

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები. – თბ. – 2006.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ