31 აგვისტო - დაიბადა გრიგოლ ფერაძე
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:20:45

ჟურნალ "ჯვარი ვაზისას" დამაარსებელი და რედაქტორი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და სასულიერო მოღვაწე, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მამა გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს, სოფელ ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა), სადაც მამამისი რომანოზი მღვდლად იყო.

 

სწავლობდა გრიგოლი თბილისის სასულიერო სასწავლებელში და შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1918 წელს; საკათალიკოსო საბჭომ მაშინდელი სემინარიის რექტორის პროფ. კ.კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა საქართველოში გერმანიის სამხედრო  წარმომადგენელს, გერმანელ ფონ კრესსენშტაინს გრ. ფერაძისათვის რომელიმე გერმანულ თეოლოგიურ ფაკულტეტზე სტიპენდიის მიცემის შესახებ (ვინაიდან როგორც პირველი ხარისხით სწავლა–დასრულებულისათვის მისი გაგზავნა რუსეთის რომელიმე აკადემიაში ბოლშევიკური რევოლუციის გამო შეუძლებელი იყო). ფონ კრესსი ოფიციალური მიმართვით შეჰპირდა საკათალიკოსო საბჭოს, მაგრამ გერმანიაში ამტყდარმა რევოლუციამ ამ გეგმას ხელი შეუშალა. გრ. ფერაძე წავიდა მასწავლებლად სოფელ ზემო–ხანდაკში (გორის მაზრა).1919 წელს მას გაიწვევენ ჯარში და იგი მსახურობს გორში, ბორჯომსა და ახალციხეში. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ იგი მიდის მასწავლებლად სოფელ მანავში 1921 წ. მარტში, იმავე წელს გარე–კახეთის სამღვდელოება აგზავნის მას წარმომადგენლად მესამე საეკლესიო კრებაზე გელათში, სადაც მისი ევროპაში გაგზავნის საკითხი, ისევე პროფ. კ. კეკელიძის და მიტროპოლიტ ნაზარის შუამდგომლობით, ხელმეორედ ისმება. ცნობილი მოღვაწე არტურ ლაისტის დახმარებით იგი სტოვებს საქართველოს 1921 წელს.

 

 გერმანიაში ჩასვლისას გრ. ფერაძე სწავლობს სამი წელიწადი ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე (1922–25) და ერთი – ბონში (1925). დოქტორ იუჰანეს ლეფსიუსის რჩევით იგი ინტერესდება ბიბლიური და ისტორიული თეოლოგიით, აგრეთვე ყველაფრით, რაც კი დაეხმარებოდა მას საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემების კვლევაში. თეოლოგიასთან ერთად ეუფლება ბერძნულ, ლათინურ და აღმოსავლურ ენებს: ძველ ებრაულს, სირიულს, არაბულს, კოპტურს, სომხურს, ამასთან, ევროპულ – გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენებს. აღარაფერს ვამბობთ რუსულსა და ძველ სლავურზე. გერმანიაში მისი მასწავლებლები არიან ჰარნაკი, დაისმანი, გუსენი დასხვები. 1926 წელს იგი აბარებს სადოქტორო გამოცდებს ფილოსოფიურ ფაკულტეტზე და მიემგზავრება ბელგიაში "ორიენტალისტთა მეფედ მიჩნეული ცნობილი  ბოლანდისტ პაულ პეეტერსთან სამუშაოდ და იქედან ლუვენის უნივერსიტეტში, სადაც რჩება ერთი წლით; შემდეგ ხერხდება ერთი წლის სტიპენდიით ინგლისში გაგზავნა, მაგრამ სამწუხაროდ, 1927 წელს ბონში კვდება ცნობილი ორიენტალისტი და ქართველოლოგი გუსენი და მის ალაგას იწვევენ გრიგოლ ფერაძეს.

 

 1927 წელს ცნობილ საეკლესიო კონფერენციაზე, ლოზანაში, გრიგოლ ფერაძეს მიიწვევენ გერმანელ და შვეიცარიელ (ძველი კათოლიკების) დელეგატთა რჩევით საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად კოოპტაციის წესით.

 

 1931 წლამდე გრიგოლ ფერაძეს გამოქვეყნებული ჰქონდა სხვადასხვა ენაზე რამდენიმე სამეცნიერო შრომა და გამოკვლევა.

 სხვადასხვა დროს გრიგოლ ფერაძე გახდა ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის კანდიდატი, ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი და ქართულ–სომხური ფილოლოგიის პრივატ–დოცენტი, წმინდა ნინოს სახელობის პარიზის ქართული ეკლესიის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი, 1933 წლიდან კი ვარშავის უნივერსიტეტის პატროლოგიის პროფესორი, სადაც იგი მოღვაწეობდა , სანამ გესტაპო მას არ დააპატიმრებდა (1939), თუმცა ვარშავაში ცხოვრების პერიოდში (1933–1939 წ.წ.) მას არ მიუტოვებია პარიზის ქართველი მრევლი და სააღდგომო, საზაფხულო და საშობაო არდადეგებს პარიზში ატარებდა.

 

ქართველებისათვის ეს დიდი პიროვნება ვარშავაში დაატუსაღა გესტაპომ, გააგზავნა კონცენტრაციულ ბანაკში, სადაც იგი დაიღუპა.

 

  

წყარო: გურამ შარაძე. – ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. – ტ. V. - თბ. – 2004.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ