31 მაისი – დაიბადა პოეტი სევერიან იოსების ძე ისიანი
დამატების თარიღი: 2013-02-28 11:07:05

პოეტი სევერიან ისიანი გმირულად დაიღუპა დიდი სამამულო ომის ფრონტზე 30 წლის ასაკში. პოეტი ათი წლის განმავლობაში (1929 – 1939) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქალაქ ქუთაისში.

 

სევერიან ისიანი 1939 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. დიდი სამამულო ომის დაწყებიდან იმყოფებოდა ლენინგრადსა და მოსკოვში. 1942 წლიდან იბრძოდა ფრონტის მოწინავე ხაზზე ქერჩსა და ყუბანში.

 

სევერიან ისიანმა სამშობლოს და გმირ ხალხს მიუძღვნა ლექსები. მას აგრეთვე აქვს თარგმანები, დრამატული, პროზაული და პუბლიცისტური ნაწარმოებები. მისი კერძო და (მეტადრე ფრონტული) წერილებიც საინტერესოა.

 

წყარო: პოეტი სევერიან იოსების ძე ისიანი: (დაბადების 60 წლისთავი) ბიბლიოგრაფიული საძიებელი. – ქუთაისი. – 1974 

 

ვაჟას სტრიქონებთან

 

მოვხურავ ფანჯრებს, მოვწყდები ლაჟვარდს,

მხოლოდ შრიალი მესმის ვერხვების.

გატაცებული ვკითხულობ ვაჟას

და ზვიად მთების სუნთქვას ვეხები...

 

ახმიანდება ლექსებში ალი...

ვაჟას ცრემლები, ვაჟას ოცნება,

ხან არწივების ფრთების შრიალი,

ხან გახელებულ ზღვის მიმოქცევა.

 

ხან ნაძვის როკვა რტოდალეწილის,

მეხის ქუხილი, ხევში რომ ქრება.

ხან შორეთიდან გადმოხვეწილი

ქარიშხლის ველზე აბობოქრება.

 

ხან თითქოს რისხვით იქუხა მეხმა

და ეხოები გზავნა მთა–ველად,

ხანაც არაგვის კლდეებთან შეხლას

შეჯიბრებია ვაჟა–ფშაველა...

 

თითქოს ნისლებიც აგერ მიდიან,

რომ დაეკიდონ ლაჟვარდს ღრუბლებად,

თითქოს შეჩერდა გზაზე მინდია

და მდუმარ ლოდებს ესაუბრება.

 

თითქოს ვაჟკაცის მტრობა არ უნდათ,

შეიცხადებენ ნაძვის ხეებიც:

თემს გადაუდგა გმირი ალუდა,

ცრემლით დატოვა საჯიხვეები...

 

ვიტყვი: ჩაღვრილი ლექსში ტბორებად,

არ შრება განცდა ჟამთა სვლის გამო:

მჯერა სიამის ამთაგორება,

მჯერა სიცოცხლე სამარადჟამო...

 

და იხურება ტომი ვრცეული,

აღარც შრიალი მესმის ვერხვების.

მე, თვითონ განცდად გადაქცეული,

ვაჟას ჭაღარას გადავეხვევი...

 

1935

 

წყარო: სევერიან ისიანი "შეხვედრა ქართან". – ქუთაისი. – გამომცემლობა: "საბჭოთა საქართველო". – ქუთაისის ფილიალი. – 1981.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ