31 მარტი – დაიბადა მოსე ჯანაშვილი
დამატების თარიღი: 2013-02-20 09:55:01

ჯანაშვილი მოსე გიორგის ძე (31. III. 1855, სოფელი კახი, საინგილო – 19. IV. 1934, თბილისი); ქართველი ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

 

1865–დან სწავლობდა კახის სამრევლო სკოლაში, 1868–1872წწ. – ზაქათალის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ – თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1878 ქუთაისის გიმნაზიაში ჩააბარა გამოცდები და მასწავლებლის მოწმობა მიიღო. 1875–1920 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისსა და თბილისში. (ასწავლიდა ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას). 1888–იდან იყო საეკლესიო მუზეუმის თანამშრომელი, 1897–1926 – მისი გამგე. 1920–იდან მოღვაწეობდა უმაღლეს სასწავლებელში. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის დამსახურებული პროფესორი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო და ქართული საენათმეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრი (1930). ერთ–ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი სამეცნიერო მუშაობას საქართველოში. 1884 გამოვიდა მისი "საქართველოს მოკლე ისტორია", რომელშიც "ქართლის ცხოვრების" სქემის მიხედვით არის მოთხრობილი საქართველოს ისტორია. ეს იყო საქართველოს ისტორიის პირველი სახემძღვანელო. შემდეგ გამოცემებში ("საქართველოს ისტორია", 1894, 1906) ავტორი ეყრდნობოდა ფართო წყაროთმცოდნეობით ბაზას და მეტ ყურადღებას უთმობდა საქართველოს შინა ცხოვრებას, ისტორიული ფაქტების ახსნას. ჯანაშვილი იკვლევდა ქართული ეკლესიის ისტორიას . მანვე აღმოაჩინა "ქართლის ცხოვრების" ე. წ. ჯანაშვილისეული ნუსხა. ამ ნუსხის "ქართლის ცხოვრების" გაგრძელება გამოსცა "ახალი ქართლის ცხოვრების" სახელწოდებით ("ნაშრომი", წ. I,1907). ჯანაშვილმა მიაკვლია და 1909 გამოსცა ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება". იგი ავტორია მრავალი წყაროთმცოდნეობითი ნაშრომისა (ფარსადან გორგიჯანიძე, 1896 და სხვა) და ისტორიული წერილებისა.

 

ჯანაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავის საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციების, საეკლესიო მუზეუმის შექმნაში. ეწეოდა არქეოგრაფიულ მოღვაწეობას, სცემდა ისტორიულ ძეგლებს, თუმცა ეს გამოცემები არ იყო კრიტიკული.

 

ჯანაშვილი არის ქართული ეთნოგრაფიის ერთ–ერთი ფუძემდებელი. აქვს ნარკვევები აფხაზეთზე, საინგილოსა და მესხეთზე.

ჯანაშვილი ავტორია მრავალი საენათმეცნიერო ნაშრომისა, რომლებშიც გაშუქებულია ქართული გრამატიკის, დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ქართული ენის შედარებითი შესწავლის საკითხები.

 

საყურადღებოა ჯანაშვილის ნაშრომები ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მას განხილული აქვს ქართული ბიბლიისა და მისი გადმოთარგმნის, აგიოგრაფიის საკითხები. ავტორია გამოკვლევებისა ქართული საერო ლიტერატურის საკითხებზე. სწავლობდა ვეფხისტყაოსნის ავტორის ვინაობას და პოემის ორიგინალობის საკითხებს, პერსონაჟებს, დაწერის თარიღს. ჯანაშვილი მუშაობდა ქართულ ფოლკლორისტიკაში.

 

ჯანაშვილმა გამოაქვეყნა ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს გეოგრაფია". მისი გეოგრაფიული ნაშრომიდან აღსანიშნავია თბილისის, გორის, მცხეთისა და მისი მიდამოების, არაგვის ხეობის აღწერილობა. მხარეთმცოდნეობით ნაშრომებში მოცემულია საინგილოსა და მესხეთის ზოგადგეოგრაფიული აღწერა. ჯანაშვილი არის ავტორი წერილებისა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში. ცდილობდა საქართველოში ევროპული სამ–სამ. კულტურებისა და ახალი ჯიშების დანერგვას. ჯანაშვილი დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

 

წყარო: ქსე. – ტ.11. – თბ. 1977.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ