3 მარტი – დაიბადა ეროსი მანჯგალაძე
დამატების თარიღი: 2013-03-12 11:56:29

მანჯგალაძე ეროსი აკაკის ძე (1925–82), მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1961). ეროვნული აქტიორული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1947), იმავე წლიდან მუშაობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ხოლო 1948–იდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

 

1980–იდან ერთდროულად მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინომსახიობთა თეატრის თეატრის დირექტორად და მსახიობად. მანჯგალაძე ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი იყო. გამოირჩეოდა მაღალი აქტიორული ოსტატობით, გარდასახვის ნიჭით, მასშტაბურობით, უშუალობით, ლამაზი და ძლიერი ხმის ტემბრით, მუსიკალობით. მნიშვნელოვანი როლები: ივანე მახარაძე (ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ლოპესი (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გვადი (ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"), დათვი (გ. ნახუცრიშვილის ჭინჭრაქა"), თავადი ვანო (ა. ცაგარელის "ხანუმა"), აზდაკი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვა. მანჯგალაძემ თავისი წვლილი შეიტანა ქართული კინომატოგრაფიის განვითარებაში – შექმნა ეროვნული კოლორიტით გამთბარი კომედიური სახეები: ალექსანდრე ("წარსული ზაფხული"), სევერიანი ("თოჯინები იცინიან"), სამჭკუაშვილი ("ქვევრი"), მღვდელი ("ლონდრე"), ჩორეხი ("ნატვრის ხე") და სხვა.

 

მანჯგალაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე და რადიოთეატრის (ამჟამად მისი სახელობისაა) განვითარებაში. მანჯგალაძის სახელობისაა დრამატულ გადაცემათა მთავარი სტუდია. უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც სპორტული კომენტატორი. მირებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 

დაკძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის ეროსი მანჯგალაძის ქუჩა.

 

წყარო: ქე. თბილისი ენციკლოპედია. – თბ. 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ