4 აგვისტო – დაიბადა ზაქარია ფალიაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-12 11:56:12

ფალიაშვილი ზაქარია პეტრეს ძე (1871–1933), კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1925). მუსიკალური განათლება მიიღო ჯერ თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (1891–99), ხოლო 1900–03 – მოსკოვის კონსერვატორიაში.

 

1903 დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო აქტიური შემოქმედებითი პედაგოგიური და საშემსრულებლო (ორგანისტი და დირიჟორი) მოღვაწეობა. იყო "ქართული ფილარმონიული საზოგადოების” ერთ–ერთი დამაარსებელი (1905). 1908–17 სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას, აქვე შექმნა გუნდი და ორკესტრი. იყო "ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოების” აქტიური წევრი, თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (1919) და დირექტორი (1919, 1923, 1928–32).

 

შეკრიბა, ჩაიწერა და გამოსცა ხალხური სიმღერების 2 კრებული. ხალხური შემოქმედების თავისებურებათა მხატვრული განზოგადებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის ტრადიციებთან მათი შერწყმის საფუძველზე ფალიაშვილმა შექმნა ქართული კლასიკური მუსიკის სტილი. ფალიაშვილის მონუმენტური ოპერა–ტრაგედია "აბესალომ და ეთერი” (1919) და ლირიკული დრამა ოპერა "დაისი” (1923) შესულია მსოფლიო მუსიკალური კულტურის საგანძურში და ფართოდაა აღიარებული.

 

სხვა ნაწარმოებებია: ოპერა – "ლატავრა” (1928), "საზეიმო კანტატა” (1927), რომანსები და სიმღერები: "ახალ აღნაგო სულო”, "ნანა, შვილო”, აგრეთვე "მრავალჟამიერი” (სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის), "ქართული ლიტურგია” და სხვა. ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ–ერთი უდიდესი მონაპოვარია, მან უმაგალითოდ დიდი გავლენა მოახდინა ქართული მუსიკის შემდგომ განვითარებაზე. ფალიაშვილის სახელი ეწოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს (1937), თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლას, მე–12 სამუსიკო სკოლას. დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1971–იდან). ბაქრაძის ქ. N 10 სახლში, სადაც ცხოვრობდა ფალიაშვილი გახსნილია მისი სახელობის სახლ–მუზეუმი.

 

წყარო: ქე.–თბილისი. ენციკლოპედია.–თბ 2002

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ