4 აპრილი – დაიბადა ილია სუხიშვილი
დამატების თარიღი: 2013-02-27 11:24:31

ილია (ილიკო) სუხიშვილი – მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ნინო რამიშვილთან ერთად საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური, დამსახურებული ანსამბლის ერთ–ერთი დამაარსებელი და მხატვრული ხელმძღვანელი. დაიბადა 1907 წლის 22/7 აპრილი  ქალაქ თბილისში

თავდაპირველად სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში. 1917 წლიდან განაგრძო შრომის მე–2 სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1924 წელს. პარალელურად მეცადინეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ პერინის სტუდიაში. 1926 წელს ქართული ხალხური ცეკვის სტუდიის დამთავრების შემდეგ იყო ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე, მოგვიანებით, 1928–32 წლებში კი – სოლისტი და დამდგმელი ქორეოგრაფი.

 

1932 წელს ილიკო სუხიშვილი სტაჟირებაზე იმყოფებოდა მოსკოვის დიდ თეატრში, ცნობილ ბალეტმეისტერ გოლეიზოვსკისთან. ამავე დროს, იგი სრულყოფდა და ხვეწდა ცეკვის ხელოვნებას ლუნაჩარსკის სახელობის სასწავლებელში. 1935 წელს დაბრუნდა სამშობლოში და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონის საერთაშორისო ფესტივალში, სადაც ოქროს მედალი და პირველი პრემია დაიმსახურა.1939–1941 წლებში იყო საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის წითელდროშოვანი ანსამბლის სოლისტი და გამოდიოდა ინგლისში, ნორვეგიასა და შვეციაში.

1945 წელს თავის მეუღლესთან, ნინო რამიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (1950 წლიდან აკადემიური). 1954 წლამდე ილიკო სუხიშვილი იყო ამ ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე. იგი ხიბლავდა მაყურებელს დახვეწილი პლასტიკით, სიმსუბუქითა და ტემპერამენტით. მან აღადგინა და დადგა არაერთი ხალხური ცეკვა, შთამომავლობას შეუნარჩუნა ამ ცეკვების განუმეორებული ხიბლი. მისი ღვაწლი სამამულო ქორეოგრაფიაში ფასდაუდებელია. მისი საუკეთესო დადგმებია: "ფარცა", "ხორუმი", "ქართული", "ყაზბეგური", "ხანჯლური", "ხევსურული", "ქაჯეთის ციხის აღება" (ვეფხისტყაოსნის მიხედვით) და მრავალი სხვა. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ქართული ქორეოგრაფიული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ხელოვანმა, ანსამბლთან ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.

 

1949 მიენიჭა სტალინური პრემია, 1973 წელს, ახალი ქორეოგრაფიული დადგმებისა და საკონცერტო მოღვაწეობისათვის – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ლენინის, "საპატიო ნიშნის", რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

გარდაიცვალა 1985 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და სზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

1981 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

 

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები. – თბ. 2000 წ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ