4 ივლისი – დაიბადა გურამ რჩეულიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-07 12:01:15

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. 1957 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებსაც დიდი წარმატება ხვდათ, გამოაქვეყნა ჟურნალ "ცისკარში” 1957 წ. მოთხრობათა პირველი კრებული "სალამურა” გამოქვეყნდა მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 1961 წ.

 

მან მხოლოდ 4 წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე და შესანიშნავი შედევრებით გაამდიდრა ქართული მწერლობა. მისი ძირითადი კრებულებია "მოთხრობები, პიესა”, რომელიც 1965 წ. გამოქვეყნდა და "მოთხრობები”, რომელიც 1977 წ. დაიბეჭდა და საყოველთაო პოპულარობა მოუპოვა მწერალს. მისი პროზისათვის ნიშანდობლივია თემატიკის ნაირფეროვნება და ინტერესთა სიფართოვე. მისმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი კვალი დაატყო თანამედროვე ქართული პროზის განვითარებას.

 

გ. რჩეულიშვილის მოთხრობები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ჩეხურ, ლიტვურ და რუსულ ენებზე. მას შესანიშნავი წიგნები უძღვნა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა: "აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ” და "მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ”. მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები – "ალავერდობა”, "უსახელო უფლისციხელი”.

 

გურამის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით და თვით ლაკონურობითაც. გ. რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც, აკი შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას...

 

იგი 1960 წ. 23 აგვისტოს დაიღუპა გაგრაში, 26 წლის ასაკში, როცა ადიდებულ ზღვაში სხვების გადარჩენას ცდილობდა.

 

გურამ რჩეულიშვილი დაკრძალულია თბილისში.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ