4 ივნისი – ზავი ოსმალეთთან
დამატების თარიღი: 2013-03-05 14:21:18

  

1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთს შორის დაიდო ზავი

 

პირობები შემდეგია:

ოზურგეთის მაზრის მხრით საქართველოსა და ოსმალეთის საზღვრად მდინარე ჩოლოქი იქნება.

ახალციხის მაზრიდან საქართველოს რჩება აწყურ–აბასთუმან–ზეკარის რაიონი. დანარჩენი ნაწილი ახალციხის მაზრისა ოსმალეთის ხელში გადადის.

ახალქალაქის მაზრა მთლიანად გადადის ოსმალეთის ხელში.

რკინის გზები ვიდრე საყოველთაო ზავი დამყარდეს, ოსმალეთს უფლება ენიჭება საფასურის გადახდით ისარგებლოს სტრატეგიული მნიშვნელობის რკინის გზებით ჯარის გადასაყვანად და საომარი მასალის გადასატანად, ხოლო გზების ადმინისტრაცია და მართველობა საქართველოს მთავრობის ხელშია.

თუ როგორი წესით გაატარონ ჯარი ამ გზებზე და საომარი მასალები გადაზიდონ, ამის საგანგებო შერეული კომისია განიხილავს და გადასჭრის შეთანხმებით.

საქართველოს სუვერენიტეტი. ოსმალეთმა აღიარა საქართელოს სუვერენიტეტი და ის გარანტიას იძლევა, რომ არ ჩაერევა საქართველოს შინაურ საქმეებში.

აუწყებს რა ამას მცხოვრებლებს, საქართველოს მთვარობა მოუწოდებს მათ დინჯად შეხვდნენ მომხდარ ფაქტს, ხოლო ოსმალეთის ხელში გადასულ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ქართველ მცხოვრებლებს მოუწოდებს დარჩნენ თავის ადგილას და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ საქართველო იზრუნებს მათს ბედზე.ტფილისი. ივნისის 5. "ანდონსანი" ბათომის სამშვიდობო დელეგაციის წევრმა გრ. რცხილაძემ დაწვრილებითი მოხსენება წაუკითხა საქართველოს მთავრობასა და საქართელოს ეროვნულ საბჭოს ყველა ფრაქციას და დღეს ივნისის 5–ს დილით, სასწრაფო მატარებლით უკან გაბრუნდა ბათომს.

ტფილისი. ივნისის 5. განკარგულებაა გაცემული, რომ ოზურგეთის მაზრიდან ოსმალოების ჯარი გაიყვანოს, თანახმად საქართველოსა და ოსმალეთს შორის დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებისა. ბათომიდან ოზურგეთს გაიგზავნა ორი ოფიცერი – ქართველი და ოსლმალო, – რომელნიც ვალდებულნი არიან სისრულეში მოიყვანონ აღნიშნული განკარგულება. ახალქალაქის მაზრიდან, რომელნიც ხელშეკრულების ძალით ოსმალეთის ხელში გადადის, თან და თან იქნება გამოყვანილი ქართული სამხედრო ნაწილები.

 

წყარო: გაზ. სახალხო საქმე. – 1918 წ. – N 250. – 6 ივნისი.

ბათუმის ხელშეკრულება გაუქმდა I მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ