4 მაისი – დაიბადა თეიმურაზ ბაგრატიონი
დამატების თარიღი: 2013-03-04 11:06:37

1782 წლის 4 მაისს (23 აპრილს) დაიბადა თეიმურაზ ბაგრატიონი. იგი ქართლ–კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის, შვილი იყო.

 

თეიმურაზის დედა, ქეთევანი, ქიზიყის მოურავის პაპუნა ანდრონიკაშვილის ასული იყო. თეიმურაზ ბაგრატიონის სწავლა–აღზრდას ხელმძღვანელობდა თელავის სემინარიის რექტორი, ცნობილი მწერალი და კალიგრაფი, დავით ალექსი-მესხიშვილი.

 

1803 წელს თეიმურაზ ბაგრატიონი ბიძასთან, ალექსანდრე ბატონიშვილთან,  სპარსეთში გაიქცა, სადაც 1810 წლამდე ცხოვრობდა. მალე პეტერბურგში გააგზავნეს. აქვე 1813 წელს  შეიძინა საკუთარი სახლი, რომელშიც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

 

თეიმურაზ ბატონიშვილი ეწეოდა სამეცნიერო–ლიტერატურულ საქმიანობას. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. 1830 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს მარი ბროსესთან, რომელიც მის მოწაფედ თვლიდა თავს. თეიმურაზ ბატონიშვილმა ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა.

 

ისტორიული შრომებიდან  აღსანიშნავია მონოგრაფია "ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა". ნაშრომი მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრებამდე. თეიმურაზ ბატონიშვილმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო "ვეფხისტყაოსნის" შესწავლას ("განმარტება პოემა "ვეფხისტყაოსნისა"), ტექსტის დადგენას და პოემის 1841 გამოცემას. თეიმურაზ ბატონიშვილმა შეისწავლა ქართული ლექსთწყობის საკითხებიც ("გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენის სტიხთა"). მას ეკუთვნის აგრეთვე ლექსთა კრებული "სამოცეული", პოემა "ვაშლი ანუ დარღვევა ტროადისა", პიესა "სამსახეობა რაინდისა", მემუარული ჟანრის ნაწარმოები "მოგზაურობა ჩემი ევროპისა სხვათა და სხვათა ადგილთა"; თარგმნა ტაციტუსის, ვოლტერის, პუშკინის და სხვ. ნაწარმოებები. მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან ზოგი უნიკალური ხელნაწერი საქართველოს დაუბრუნდა. თეიმურაზ ბაგრატიონი იყო პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1837), პარიზის სააზიო საზოგადოების და კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოების წევრი.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ