4 სექტემბერი – დაიბადა გერონტი ქიქოძე
დამატების თარიღი: 2013-03-13 10:36:34

ქიქოძე გერონტი დიმიტრის ძე (1885–1960), მწერალი, მთარგმნელი. ლაიბციგისა და ბერნის უნივერსიტეტების დამთავრების (1912) შემდეგ თბილისში ცხოვრობდა. პირველი წერილი 1905 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ "მოგზაურში”.

 

10–იანი წლებიდან ქართულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებსა და ესეებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1927–28 იყო ლიტერატურული დაჯგუფების "არიფიონის” ერთ–ერთი მოთავე, ალმანახ "არიფიონის” (თბილისი, 1928) რედაქტორი ვ. გიორგაძესთან ერთად). ქიქოძის ნაშრომებს შორის აღსანიშნავია: "წერილები ხელოვნებაზე”, 1936; "ქართული ლიტერატურის ისტორია”, 1947; "მოგონებები, სიტყვები, წერილები”, 1956; "ეტიუდები და პორტრეტები”, 1958.

 

 ქიქოძე ფართოდ განათლებული მწერალი და მკვლევარი იყო. თანაბრად ღრმად იცნობდა ევროპის ძველ და ახალ ლიტერატურას, მხატვრობას, მუსიკას. ერთის მხრივ, მსოფლიო ფილოს. აზროვნების და კულტურის, ხოლო, მეორეს მხრივ, ქართველი ერის ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების საფუძვლიანი ცოდნა იქცა იმ საძირკველად, რომელსაც დაეყრდნო მწერლის მემკვიდრეობა. ქიქოძე აღიარებული იყო ქართული კრიტიკის აზროვნების მეტრად. მისი წერილები და ნარკვევები სანიმუშოა თავისი სიღრმით, სისადავით, ლაკონიურობითა და ტევადობით. ქართულ მემუარულ ლიტერატურაში ერთ–ერთი საუკეთესოა ქიქოძის "განთიადიდან შუადღემდე”.

 

 ქიქოძე დამსახურებულად არის მიჩნეული შეუდარებელ მთარგმნელად. ა. ფრანსის "ღმერთებს სწყურიათ”, სტენდალის "იტალიური ქრონიკები”, ა. დოდეს "წერილები ჩემი წისქვილიდან” თუ სხვა კლასიკური ნაწარმოებების ქიქოძისეული ქართული თარგმანი არანაკლებ მნიშვნელოვანია ეროვნული ლიტერატურისა და ენის განვითარებისათვის, ვიდრე მაღალმხატვრული ორიგინალური ნაწარმოებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის გერონტი ქიქოძის ქუჩა.

 

 

წყარო: ქე.–თბილისი.–ენციკლოპედია.–თბ. 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ