5 ივნისი – ხსენება ღირსისა დამიანესი, მეფეყოფილისა დიმიტრისა, გარეჯელის – "შენ ხარ ვენახი" ავტორისა (1157)
დამატების თარიღი: 2013-03-05 13:19:12

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა თავისი ძე დემეტრე სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე. თავისივე ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი. სიბრძნით, ქველმოქმედებით და ვაჟკაცობით დემეტრე უკეთესია ჩემზე და ჭეშმარიტად ამისთანა მეფე არის ჯილდო უფლისა მართალთათვის – დაშთენილი ამა სოფლად. მივდივარ წინაშე მსაჯულისა, რომლისაგან მივიღე სამეფო, მივდივარ ნუგეშცემული, რომ ძე ჩემი, ყოველთვის ჩემი სურვილისამებრ იქცეოდა – ბრძანებს მეფე დავითი.

 

დემეტრემ, როგორც ძლევამოსილმა სარდალმა, ჯერ კიდევ აღმაშენებლის მეფობისას გაითქვა სახელი. 1117 წელს დავითმა იგი შირვანს გაგზავნა სალაშქროდ. ახალგარდა სპასპეტმა ქმნნა ისეთი ომნი და ბრძოლანი, "რომელნი ყოველნი მხედველნი მისნი განაკვირვნა." აიღო ქალაძორის ციხე და ურიცხვი ტყვითა და ალაფით დაბრუნდა. 1121 წელს დიდგორის ომშიც მიიღო მონაწილეობა.

 

დემეტრე I მხნედ შეუდგა მამის მემკვიდრეობის და საქართველოს საზღვრების დაცვას, თანაც ცდილობდა, გაეფართოვებინა სამეფო. დემეტრეს მეფობის დროს აღორძინდა ჰერეთი, სომხეთი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაოს ნაპირი. მიუხედავად თურქ–სელჩუკთა დიდი წინააღმდეგობისა, დემეტრემ შესძლო მათ მიერ მიტაცებული დმანისისა და ხუნანის დაბრუნება.

 

1138 წელს კი დემეტრეს სარდლობით ქართველთა ლაშქარმა აიღო განძა. გამარჯვების ნიშნად ქალაქს კარი შეხსნა და გელათის ტაძარს შესწირა. სამწუხაროდ, მეფე დემეტრეს კარზეც იჩინა თავი შინაურმა შფოთმა და არეულობამ. 1130 წელს მეფის წინააღმდეგ მოეწყო აჯანყება. წყაროები არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ დავადგინოთ, თუ ვინ ეცილებოდა დემეტრეს სამეფო ტახტს – მისი ძმა ცვატა (ვახტანგი) თუ უფროსი ვაჟი დავითი, რომელმაც 1155 წელს მოახერხა ტახტის ხელში ჩაგდება. პირმშოს საქციელით გულგატეხილმა მეფემ მონასტერს მიაშურა  და დამიანეს სახელით დავით გარეჯის უდაბნოში დაეყუდა. დავითმა მხოლოდ 6 თვეს იმეფა და გარდაიცვალა. 1156 წელს დემეტრე კვლავ გამეფდა და თანამმართველად ძე თვისი  გიორგი გამოაცხადა. დავით გარეჯის უდაბნოში აღკვეცილმა მეფემ შთამომავლობას ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები დაუტოვა. ჩვენამდე მოღწეული იამბიკოებიდან განსაკუთრებით ცნობილია შესხმა ღვთისმშობლისა "შენ ხარ ვენახი". იოანე ბატონიშვილი მეფე დემეტრეზე წერს, რომ "ის იყო მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და შემთხზველი უცხოთ შაირთა, რომელმა მრავალნი სწავლანი გამოთქვა".

 

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დემეტრეს ფრესკა გარეჯის მონასტრის კედელზეც ყოფილა გამოხატული. ჩვენამდე კეთილმსახური მეფის ფრესკა მაცხვარიშის (ლატალი) ეკლესიის მხატვრობამ შემოინახა .

 

ღრმა სულიერებისა და მტკიცე ქრისტიანული რწმენის მქონე დემეტრემ დაასრულა და აკურთხა დიდი დავითის დაწყებული გელათის ტაძარი.

დამიანე 1157 წელს გარდაიცვალა და მის მიერ ნაკურთხ გელათის მონასტერში დაასაფლავეს. სამწუხაროდ, მემატიანეს მეტად მწირი ცნობები შემოუნახავს დემეტრეს ცხოვრებაზე. როგორც დავით კარიჭაშვილი შენიშნავს "ივერიაში (1902 წ. #133)", "ჩვენ ეჭვი არა გვაქვს, რომ დიმიტრის მეფობის ისტორია იქნებოდა თავის დროზე დაწერილი. მაგრამ იგი დაკარგულია ან მოსპობილა რაიმე მიზეზით".

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი დამიანე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 23 (5.06) მაისი დააწესა.

 

წყარო: ტარყაშვილი ნინო.– საქართველოს მეფე წმინდანები.– თბ; 2005

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ