6 აგვისტო – დაიბადა აკაკი ვასაძე
დამატების თარიღი: 2013-03-12 11:51:00

ვასაძე აკაკი ალექსის ძე (1899–1978), მსახიობი და რეჟისორი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ახალი ქართული თეატრის ერთ–ერთი ფუძემდებელი. საქართველოს (1934) და სსრკ (1936) სახალხო არტისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975).

 

ჩემი სამსახიობო გზა

წინასწარ უნდა გავაფრთხილო მკითხველი ჩემი შემოქმედებითი პრაქტიკიდან სცენურ სახეზე მუშაობის განმარტებისას ყურადღებას გავამახვილებ, ძირითადად, საეტაპო ხასიათის როლებზე, – ანუ ისეთ როლებზე, რომლებსაც განსაკუთრებული შემოქმედებითი სიახლის წინაშე დააყენეს და სრულიად ახალი გამომსახველობითი საშუალებებით გაამდიდრეს ჩემი მუშაობის მეთოდი. პარალელურად სხვა მნიშვნელოვან როლებსაც შევეხები და, აგრეთვე, ვეცდები, ზუსტად და ლაკონურად დავახასიათო თვით პერსონაჟი; პერსონაჟთა დახასიათება უფრო სრულად წარმოაჩენს მხატვრულ სახეზე ჩემს მუშაობას,  ჩემი მსახიობური პრაქტიკის არსს.

პირველ ყოვლისა ვიტყვი: სცენურ სახეს ჰქმნის აზრის, გრძნობისა და ფიზიკური მოძრაობისას სიტყვასთან შერწყმა–შესისხორცება.

 

როლზე მუშაობის დასაწყისი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, – შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი საფეხურია მსახიობის შემოქმედებით მუშაობაში. ეს არის მხატვრული სახის გააზრების, ინტუიტური წვდომის, მისი არსის გაცნობიერების და მისთვის სპეციფიკურად სცენური "იდეის” მინიჭების პროცესი. თავდაპირველად, რამდენიმე ხანს, მხატვრული სახისადმი აღძრული ფიქრები, გრძნობები და წარმოსახვები გაუფორმებელია, დაუდგენელია: მიმდინარეობს მხატვრული სახის ფორმისა და შინაარსის ძიება – მიგნება , შემოწმება, განსჯა, დაზუსტება, უკუგდება, წვდომა, თანდათან მკვეთრდება სცენური სახის ესთეტიკური ღირებულებანი. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროცესი წარმოებს სპექტაკლზე მომავალში დამსწრე მაყურებლის ხასიათისა და მოთხოვნილებათა გათვალისწინებითაც: ვისთვის იღწვი?!

 

ისეთი როლები მიყვარს, რომლებიც ძლიერ მაღელვებენ, რომლებიც თავიდანვე გამიტაცებენ. თუმცა, რაზომც არ ვიყო როლით აღელვებული, როგორადაც არ უნდა გამიტაცოს "ჩემმა” როლმა, მუშაობას ვერ შევუდგები, ვიდრე პიესას მთლიანობაში ბეჯითად არ შევისწავლი; პიესის იდეაში არ გავერკვევი, არ შევითვისებ პიესის მოქმედების ატმოსფეროს; ამავე დროს, ჩემი პიროვნული გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის საფუძველზე, იმასაც ვითვალისწინებ, თუ რა ფსიქოლოგიური მოტივები და სოციალური ურთიერთობები ამოქმედებენ ჩემს გმირს სხვადასხვა სიტუაციებში, რანაირი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები განსაზღვრავენ მის სპეციფიკურ ქცევას.

 

სცენაზე პირველი ნამდვილი გამარჯვება ვიგემე ოცდაერთი წლისამ, 1920 წელს, აბესალო სალამთაძის როლში (დ. კლდიაშვილის პიესიდან "ირინეს ბედნიერება”). ამ სახეში თითქმის ერთთავად ინსტიქტის, ჩემი ყრმობიდან კარგად ნაცნობი იმერელი აზნაურიშვილის ქცევისა და მეტყველების მიბაძვის და, საერთოდ, უშუალო ემოციების კარნახს მივყვებოდი. მაგრამ ამაზე შემდეგ. აქ კი ამას აღვნიშნავ მხოლოდ: ჩემთვის აბესალო სალამთაძის როლის უმთავრესი ღირებულება ისიც იყო, რომ სრულიად ახალგაზრდას, განმიმტკიცა რწმენა ჩემს სამსახიობო შესაძლებლობებში. კარგია, როცა მსახიობი ახალგაზრდობის წლებშივე ეფექტურად სარმოჩნდები, – ეს განიჭებს სილაღეს და შინაგან გაბედულებას.

 

წყარო: აკაკი ვასაძე, "ჩემი სამსახიობო გზა" 1988 წელი, თბილისი

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ