6 აპრილი – დაიბადა იოსებ ნონეშვილი
დამატების თარიღი: 2013-02-27 11:16:47

ნონეშვილი იოსებ ელიოზის ძე (6. IV. 1918, სოფ. კარდანახი. ახლანდელი გურჯაანის რაიონი, – 6. X. 1980, თბილისი), რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1981, სიკვდილის შემდეგ).

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურიო ფაკულტეტი (1942). 1943–45 მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. იყო ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორის მოადგილე (1947–50), ჟურნალ "დილას" მთავარი რედაქტორი (1952–63), გაზეთ "ლიტარატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი (1963–66), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1966–80), 1973–იდან – მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტის თავმჯდომარე. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938, პირველი წიგნი "ლექსები" – 1940.

 

ნონეშვილის პოეზია ორგანულადაა დაკავშირებული ქართული კლასიკური ლექსის ტრადიციებთან, იგი მოიცავს სატრფიალო და სამოქალაქო მოტივებს. გამოირჩევა განცდათა სიმდიდრე–სინატიფით და პოლიტიკურ – პუბლიცისტური მგზნებარებით. მისი ლექსის დამახასიათებალი თვისებაა პოეტური ემოციურობა, ექსპრესიულობა, მხატვრულ სახეთა სისადავე და ეფექტურობა. ნონეშვილის შემოქმედების დასაწყისში ჭარბობდა სატრფიალო ლირიკა, რომლის საუკეთესო ნიმუშებია ლექსები "საუბარი ნაძვებთან", "ფრთხილად იყავი", "შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა", "რას მიყურებ" და სხვ. 40–იანი წლებიდან მისი პოეზია სულ უფრო მეტად იმსჭვალებოდა საზ. ჟღერადობით, მთავარ მოტივად დამკვიდრდა სამშობლოს სიყვარული; ისტორიული წარსული, მშვიდობისა თუ ხალხთა მეგობრობის თემა. სატრფიალო ლირიკა ნონეშვილის ლექსში დაუკავშირდა პატრიოტული პოეზიის რკალს. ნონეშვილის პოეტური პალიტრის ფართო თემატურ და იდეურ–მხატვრულ დიაპაზონზე მეტყველებს ლექსები და პოეტური ციკლები "ქართველის დიდება დავიცვათ", "სატევარი" (ორივე 1941). "ჩუქურთმის მწრელის ეპიტაფია" (1646), "შემოდგომა თბილისში" (1949), "ელადის ყვავილები" (1979), პოეტური ციკლები სომხეთზე, ყაზახეთზე და სხვ. პოემა "ამბავი ერთი ქალიშვილისა" (1952) ასახავს ქართველი ქალიშვილის ზოია რუხაძის გმირობას დიდ სამამულო ომში.  ნონეშვილის ბევრი ლექსი სიმღერად გავრცელდა. პოეტის ნაწარმოებები თარგმნილია სსრკ–ისა და საზღვარგარეთის ხალხთა ენებზე.

 

წყარო: ქსე.– ტ.7.– თბ. 1984 .

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ