6 დეკემბერი – დაიბადა ვასილ (ვასო) აბაშიძე
დამატების თარიღი: 2012-12-21 11:17:47

აბაშიძე ვასილ (ვასო) ალექსის ძე (1854–1926) მსახიობი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ პირველი სახალხო არტისტი (1922). სწავლობდა ჯერ თბილისის, მერე ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისში (1872-1877), შუშასა და ყაზახში (აზერბაიჯანი, 1877-1879). გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში (ალ. სუმბათაშვილსა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩეკოსთან ერთად), შემდეგ - ქუთაისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში, 1879-იდან კი, როცა მუდმივი ქართული თეატრი აღადგინეს, პროფესიული მსახიობი გახდა.

აბაშიძე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეთა წრეში იზრდებოდა და აგრეთვე ეზიარა რევოლუციურ-დემოკრატიულ იდეებს. ხშირად გამოდიოდა დაბებისა და სოფლების, მუშათა სახალხო თეატრების სცენაზე; მისი აზრით, მსახიობი მოწინავე საზოგადოების იდეების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, თეატრს კი რეალიზმისა და "განცდის ხელოვნების" გზით ევლო(იხილეთ მისი სტატია "მოკლე ცნობები დრამატული ხელოვნების შესახებ", გაზეთ "ივერია", 1894, NN171,172).

აბაშიძე სცენიდან ამხელდა მის დროინდელ საზოგადოებას, მის გახრწნილებას და ფარისევლობას. შექმნა მრავალი კოლორიტული სახე: კუმუხტოვი, თრდატოვი, დაბაღოვი (გ. ერისთავის "დავა", "გაყრა", "ძუნწი"), გეურქა (ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ცაგარელის, "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!", "ხანუმა", "ციმბირელი", "ბაიყუში", "მათიკო", "ჭკუისა მჭირს"), საქო (გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ზიმზიმოვი, ისაია (სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა"), ბესო (სუმბათაშვილ-იუჟინი "ღალატი"), გრზშნევსკი (რამიშვილის "მეზობლები"). კლასიკური რეპერტუარიდან განასახიერა ფამუსოვის (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ხლესტაკოვის, გოროდნიჩის (გოგოლის "რევიზორი"), ბელოგუბოვის, შმაგის (ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი", "უდანაშაულო დამნაშავენი"), სკაპენისა და ორგონის (მოლიერის "სკაპენის ოინები", "ტარტიუფი"), ფიგაროს (ბომარშეს "სევილიელი დალაქი") და სხვა როლები. მონაწილეობდა ოპერეტებში: ლეკოკის "რაინდი უშიშარი და გულმართალი" (ლარგი), ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან" (ასკარი) და სხვა. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. დაწერა რამდენიმე პიესა, თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი კომედია, ვოდევილები და ოპერეტა. 1885 წელს დაარსა გაზეთი "თეატრი". შეადგინა და გამოსცა პიესათა და საესტრადო მასალათა კრებულები ("ჩანგი", თბილისი, 1888, 1892; ოზურგეთი, 1892; ფოთი, 1893; ბათუმი, 1900).

აბაშიძის სახელი მიკუთვნებული აქვს თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრს.

დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. თბილისში არის ვასილ აბაშიძის ქუჩა.

 

წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ