7 ოქტომბერი – დაიბადა კახი კავსაძე
დამატების თარიღი: 2013-03-14 12:52:16

კავსაძე კახი დავითის ძე დაიბადა 1935 წელს. მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1981). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979).

 

1959 დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იმავე წლიდან მსახიობად მუშაობს თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. კავსაძე არტისტული აღმაფრენით ასრულებს დრამატულ, სახასიათო და კომედიურ როლებს. დაჯილდოებულია იმპროვიზაციის ნიჭით, მუსიკალობით, იუმორის გრძნობით. მნიშვნელოვანი როლები: ჩონთა (ვაჟა–ფშაველას "მოკვეთილი"), ადამი (ი. შტოკის "ღვთაებრივი კომედია"), ფორტინბრასი, ჰასტინგსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "რიჩარდ III”),  კოწია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ჯიმი, სიმონ ჩაჩავა (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა", "კავკასიური ცარცის წრე") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "ნერგები" (დავითი), "სამკაული სატრფოსათვის" (ზაური), "ღვინის ქურდები" (ელიბო), "ნატვრის ხე" (იორამი), "მონანიება" (მიხეილ კორიშელი), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი" (დონ კიხოტი, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ქ. დუშანბე, 1988) და სხვა. შეასრულა მთავარი როლები რუსი კინემატოგრაფისტების სურათებში (ივანე მრისხანე, შაილოკი და სხვა); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 

 

წყარო: ქე.–თბილისი.–ენციკლოპედია.–თბ. 2002

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ