8 ივლისი – დაიბადა არტურ ლაისტი
დამატების თარიღი: 2013-03-07 11:47:45

"მაპატიე ჩემო პატარა, სამშობლოს ნაცვალო საქართველო, თუ ჩემი მცირე ღვაწლით ღირსი არა ვარ შენს წმინდა მიწაზე დასაფლავებისა”.

 

ამ სიტყვების ავტორია გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, რომელიც 1884 წ. თბილისს ეწვია. იგი დაიბადა ბრესლაუში 1852 წ. 8 ივლისს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც მრავალი ენის მცოდნე და ნიჭიერი პუბლიცისტი, პოლონურმა და გერმანულმა გამომცემლობებმა მიიწვიეს. 1876 წ. კი ლოძში გადასახლდა და იქ ბოლესლავ პრუსსა და ჰენრიხ სენკევიჩს დაუახლოვდა. ქართველი ხალხითა  და მისი ისტორიით ადრე დაინტერესდა, ხოლო 1881 წ. იტალიაში მოგზაურობისას გაეცნო ქართველი ხალხისა და მისი ისტორიის თაყვანისმცემელს – გერმანელ მწერალს ფ. ბოდენშტედტს და მისი რჩევით საბოლოდ გადაწყვიტა შეესწავლა ქართული ენა. სწორედ ამ მიზნით არტურ ლაისტი დაუკავშირდა ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ა. წერეთელს...  1882 წ. პოლონურ პრესაში დაისტამბა მისი წერილი " ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ”.

 

                ა. ლაისტს აინტერესებდა ქართულ ყოფასთან, ლიტერატურასთან შეხების მეტი წერტილები გამოეძებნა, რაშიც დახმარება თხოვა აკაკის. ამ ურთიერთობას შედეგად მოჰყვა 1883 წ. გერმანულ პრესაში გამოქვეყნებული ა. ლაისტის წერილი

"მივიწყებული ლიტერატურა”.

 

1884 წ. ილიამ ა. ლაისტი საქართველოში მოიპატიჟა. 1 ივნისს ა. ლაისტი თბილისის ვაგზალში პირველად შეხვდა გამოჩენილ ქართველ მამულიშვილებს. თბილმა შეხვედრამ ლაისტს გული აუჩუყა  და უცხოელმაც მადლობის სიტყვის ნაცვლად ქართულად თქვა: "მამულო, საყვარელო, შენ როსღა აყვავდები.

 

გერმანელი მწერლის ჩამოსვლას ფართოდ გამოეხმაურა ქართული პრესაც. ა. ლაისტმა თბილისში ორი კვირა დაყო და საფუძვლიანად გაეცნო მის ღირსშესანიშნაობებს. მერე კი, საჭირო მასალებით დატვირთული, ცრემლმორეული გამოეთხოვა მასპინძლებს. პოლონეთში მიბრუნებულმა, წლისთავზე ლაიფციგში პოლონურ ენაზე დასტამბა წიგნი საქართველოზე – "საქართველო, ბუნება, ადათ–წესები და მოსახლეობა”. თბილისში ყოფნისას ლაისტი გაეცნო "ვეფხისტყაოსანს” და გადაწყვიტა გერმანულ ენაზე მისი თარგმნა. სწორედ ამის გამო, იგი 1885 წ. 5 აგვისტოს მეორედ ჩამოვიდა საქართველოში. ი. ჭავჭავაძის, ი. მაჩაბლის, ა. წერეთლისა და დ. ერისთავის მეშვეობით თარგმნა "ვეფხისტყაოსანი”, ქართული პოეზიის ანთოლოგია, ესწრებოდა ქართულ წარმოდგენებს, ნაყოფიერად თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიაში”... ამჯერად ოთხი წელი დაყო საქართველოში და მართლაც რომ დიდი სამუშაო შეასრულა. 1889 წ. უკვე მომზადებული წიგნების გამოსაცემად გაემგზავრა პოლონეთსა და გერმანიაში, 1890 წ. დრეზდენში დაბეჭდა კიდეც. შემდეგ იმოგზაურა იტალიაში, ავსტრიაში, თურქეთში... და 1892 წ. სამუდამოდ დასახლდა თბილისში. აქვე იქორწინა თბილისელ გერმანელ ქალზე – მარია ბაიტლინგერზე.

 

ამის შემდეგ დრეზდენში ზედიზედ გამოვიდა მისი წიგნები: "ქართველი ხალხი”, "ქართველი პოეტები”, "საქართველო”... 1906 წ. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი "კავკასიშე პოსტი”, დაწერა მოთხრობები :”ქეთევანი”, "ვარო”, ავტობიოგრაფიულ ნაშრომს "რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება”, "მოგზაურის დღიურები”... 1918 წ. მას იწვევენ ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში გერმანული ენის ლექტორად.

 

იგი სისტემატურად იწვევდა ევროპიდან სპეციალისტებს, ხოლო საზღვარგარეთ სასწავლებლად მიმავალ ქართველ ახალგაზრდობას თან სარეკომენდაციო წერილებს ატანდა. 1923 და 1927 წლებში ორ წიგნად გამოსცა დიდი სიყვარულით დაწერილი შრომა "საქართველოს გული”.

 

არტურ ლაისტი გარდაიცვალა 1927 წ. 22 მარტს, 75 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით. მისი ცხედარი დაკრძალეს თბილისში, დიდუბის პანთეონში.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ