8 ივნისი – დაიბადა გიორგი არადელი–იშხნელი
დამატების თარიღი: 2013-03-05 13:13:54

არადელი–იშხნელი გიორგი ნიკოლოზის ძე [8(20).06.1882, სოფ. არადეთი, ახლანდელი ქარელის რ–ნი – 01.11.1920, გორი], ქართველი მსახიობი.

საშუალო განათლება მიიღო თბილისის მე–2 გიმნაზიაში. 1903–08 სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პარალელურად დაამთავრა (1906) რეჟისორ ა. დოლინოვის დრამატული კურსები და მონაწილეობდა ოდესის რუსული დრამატული დასის წარმოდგენებში.

 

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1908 პირველად გამოვიდა თბილისის ქართულ სცენაზე დ. ერისთავის "სამშობლოში" და ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში, სადაც სიკვდილამდე მოღვაწეობდა. არადელი–იშხნელის მიერ განსახიერებული როლები გამოირჩეოდა ცხოვრებისეული სიმართლითა და მხატვრული დამაჯერებლობით – გელა (წერეთლის "პატარა კახი"), არსენა (ყაზბეგის "არსენა"), გიგო და შაქრო (გედევანიშვილის "მსხვერპლი" და "გამცემი"), გლახა ჭრიაშვილი (ჭავჭავაძის "გლახა ჭრიაშვილი"), მოურავი (ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), დე სანტოსი (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ტირესია და კრეონტი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" და "ანტიგონე"), ფლაქსმანი (ერნსტის "პედაგოგები") და სხვ.

 

 

წყარო: ქსე, ტ.1, 1975, თბილისი.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ