8 ოქტომბერი – დაიბადა პეტრე ოცხელი
დამატების თარიღი: 2013-03-14 12:51:30

პეტრე ოცხელი დაიბადა 1907 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისში, კომერსანტის ოჯახში. 1914 წელს ოჯახი გადასახლდა მოსკოვში, სადაც პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა გახსნა. ბავშვები ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს. პეტრე ოცხელის მამა შეძლებული ადამიანი იყო, იგი ხშირად უწევდა დახმარებას საქართველოდან ჩამოსულ ახალგაზრდებს

 

ოცხელების ოჯახში, რომელიც სტუმართმოყვარებით გამოირჩეოდა, თავს იყრიდა საინტერესო საზოგადოება, სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები, ნაწყვეტები ოპერებიდან, იდგმებოდა სპექტაკლები.

 

პეტერე მხოლოდ შვიდი წლის იყო , როდესაც ოჯახი მოსკოვში დამკვიდრდა, მაგრამ ემოციურ ბავშვზე ამგვარი გარემო გარკვეულ კვალს ტოვებს. მხატვრის დედას ხშირად დაჰყავდა შვილები თეატრში , სადაც ბავშვები მთელ ლოჟას იკავებდნენ და დიდი გულისყურით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს. მხატვრის და ნინო იგონებს დედის სიტყვებს, რომ პატარა პეტრე ნანახი სპექტაკლების ჩანახატებს ასრულებდა. როგორც ჩანს, ბავშვს ემოციურობა და მხატვრული ინსტიქტი თანდაყოლილი ჰქონდა.

 

ხშირად ძმები ერთმანეთს ეხმარებოდნენ - უმცროსი ძმა, ლეო მუყაოსგან ფიგურებს ჭრიდა, ხოლო პეტრე აფერადებდა მათ, შემდეგ კი ნაწილების "მონტირების’’  შედაგად მოძრავ ფიგურებს ქმნიდნენ. საბავშვო სპექტაკლებს პეტრე აფორმებდა, იგი იმდენად პატარა იყო, რომ საკუთარი დეკორაციების მოხატვაში მას სხვები ეხმარებოდნენ. ბავშვების ძალებითა და პატარა მხატვრის მონაწილეობით დადგმული სპექტაკლებია - "კურდღლის საცოლე’’, "ღამე ტყეში’’ (1916-1917წ.).

 

1918-1919 წლები ბავშვებმა ოჯახის შეზღუდული მატერიალური მდგომარეობის გამო, საბავშვო სახლში გაატარეს. პეტრემ აქაც გააკეთა სპექტაკლი, სწორედ რომ გააკეთა - ქაღალდის, მუყაოსა და ყუთისაგან.

პეტრე, როგორც ამას მისი და ნინო გადმოგვცემს, წყნარი, სერიოზული ბიჭი ყოფილა, ამავე დროს იგი ენამახვილიც და, როგორც ყველა ბავშვს, ცელქობა უყვარდა, თუმცა აქ თავის უმცროს ძმას, ლეოს ვერ უტოლდებოდა. 1920 წელს მთელი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. მატერიალური მდგომარეობის გამო, მამამ გადაწყვიტა გადაეყვანა ოჯახი ქუთაისში, სადაც მას ახლო ნათესავები ჰყავდა და საკუთარი სახლი ჰქონდა.ამაზე ცოტა ხნით ადრე ოჯახი დატოვა დედამ და ბავშვებზე ზრუნვის მთელი სიმძიმე, უფროს დას ნინოს დააწვა.

 

1923 წელს პეტრე ოცხელი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში იწყებს სწავლას. სასწავლებელთან არსებობდა მცირე სამხატვრო სტუდია, სწორედ აქ დაიწყო მისი სამხატვრო განათლება. პეტრე ძალიან დაინტერესდა ფერწერით, იგი ზეთის ფერებით თავისი მეგობრების პორტრეტებს წერს. რეალურ სასწავლებელში ყოფნის წლებში პეტრე ოცხელმა შეასრულა აგრეთვე ესკიზები სპექტაკლებისათვის, რომლებსაც მისი სკოლის მეგობრები დგამდნენ. რეპერტუარში, კლასიკოსთა ნაწარმოების გვერდით, შედიოდა მომავალი მხატვრის მეგობრების, ჯერ კიდევ სრულიად მოუმწიფებელი ახალგაზრდების პიესებიც. ამრიგად, ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში გამომჟღავნებული მიდრეკილება თეატრისადმი განვითარებას განაგრძობდა. თუმცა მამა პეტრეს კომერსანტის მოღვაწეობისთვის ამზადებდა, უფრო ძლიერი აღმოჩნდა აღნიშნული მიდრეკილება, რომლის გაღვივებას ხელს უწყობდა ოჯახში გამეფებული სიყვარული თეატრისა და მუსიკისადმი. 1925 წელს პეტრემ დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, გადავიდა თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში. ყოველივე ამაში მას ფინანსურ დახმარებას უწევდა უფროსი და, რომელიც ქუთაისში მუსიკის კერძო გაკვეთილებს ატარებდა. პეტრე 1926 წლიდან პროფესორ შარლემანის სტუდენტი გახდა, თუმცა მას აკადემია არ დაუმთავრებია.

თბილისში პეტრე ოცხელმა მიიპყრო კოტე მარჯანიშვილის ყურადღება, რომელმაც იგი თეატრალურ მუშაობაში ჩააბა. იგი აკადემიას ტოვებს მესამე კურსიდან და საბოლოოდ გადადის თეატრში.

 

პეტრე ოცხელი, როგორც თეატრალური მხატვარი, იყო არა მარტო კოტე მარჯანიშვილის მიერ "აღმოჩენილი”, არამედ მისი აღზრდილიც.

პ. ოცხელის ადგილი ქართული თეატრის ისტორიაში მხოლოდ მაშინ შეიძლება სწორად განისაზღვროს, თუ მის შემოქმედებას ოციანი წლების კულტურული ცხოვრების მოვლენებთან და კოტე მარჯანიშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებით განვიხილავთ.

 

დაუშრეტელი შემოქმედებითი იდეებით აღსავსე კოტე მარჯანიშვილი საქართველოში რუსეთიდან იმ პერიოდში ჩამოდის, როდესაც რუსულმა თეატრმა, რაღაც ორიოდე ათეული წლის განმავლობაში, მოასწრო ძიებათა და ნოვატორობის რთული და საინტერესო გზის გავლა.

ელვისებური გადაქმნებისა და რეაქციების ეპოქაში ძნელი იყო დარჩენა ძველ თვალსაზრისზე.  რომლის მიხედვით სცენის კოლოფი განსაზღვრული, უმოძრაო კადრია. ახალგაზრდა კინოხელოვნება ხაზს უსვამდა იმ შესაძლებლობებს , რომელიც მოძრავმა კამერამ წამოაყენა. დაზგების მთელი სისტემა  სათამაშო მოედნების სწრაფი ცვლის შესაძლებლობას იძლევა  (არა მარტო ჰორიზონტალურად , არამედ ვერტიკალურადაც) , მოულოდნელ დრამატიულ ეფექტებს ქმნის; ლაკონური ფერადოვანი ლაქა, განათების გამოყენება დიდ ემოციურ დატვირთვას იღებს; ამრიგად, მხატვრის როლი აქტიური ხდება. მხატვარი რეჟისორის თანადამგმელად გამოდის.

 

კოტე მარჯანიშვილმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე იკისრა პასუხისმგებლობა ქართული თეატრის ბედზე. პირველივე დადგმით (" ცხვრის წყარო’’ - 1922 წ.) მან მოახერხა შემოქმედებითი ძალების თავმოყრა , აღაფრთოვანა ახალგაზრდა მსახიობები  თავისი ძლიერი ტემპერამენტით. ამის შემდეგ ქართული თეატრი მკვეთრ ნახტომს აკეთებს, საკუთარ  მხატვრულ სახეს იღებს.     

 

კოტე მარჯანიშვილმა მუშაობაში მრავალი, განსვავებული ინდივიდუალური ხელწერის მხატვარი ჩააბა, რაც თეატრის რეპერტუარის დიდი დიაპაზონით განისაზღვრებოდა. ყოველ მხატვარს შეეძლო გამოეცადა თავისი ძალები სხვადასხვა სტილისა და ჟანრის წარმოდგენაში. ყველაფერმა ამან უზრუნველყო ნაციონალური კადრების სწრაფი ზრდა ( რის მაგალითს ოცხელის შემოქმედებაც წარმოადგენს).

 

როგორც მხატვრის თანამედროვენი გადმოგვცემენ, 1927 წელს კოტე მარჯანიშვილმა მუშათა თეატრში ნახა ლუნაჩარსკის პიესა "ცეცხლის გამჩაღებელნი” სამხატვრო აკადემიის სტუდენტის - პ. ოცხელის გაფორმებით. ახალგაზრდა მხატვარმა მიიპყრო რეჟისორის ყურადღება. როდესაც კ. მარჯანიშვილი აყალიბებდა დასს თავისი თეატრისათვის ქუთაისში, მაშინვე მიიწვია პ. ოცხელი.      "ცეცხლის გამჩაღებელნი”-ს დეკორაციები (თუმცა კოტე მარჯანიშვილის გაწაფულმა თვალმა მათში იმთავითვე ამოიკითხა მომავალი თეატრალური მხატვრის ნიჭი), ჯერ კიდევ არ გვიჩვენებენ ოცხელის ხელწერისათვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ ნიშნებს. ეს გასაგებიცაა, მხატვრის პირველი აქტიური გამოსვლა 1927 წელს ეკუთვნოდა, როდესაც ქართულმა თეატრმა უკვე განახორციელა ბრწყინვალე სპექტაკლები. ამ დროს კოტე მარჯანიშვილის გვერდით ჩამოყალიბდა, როგორც თეატრალური მხატვარი, ე. ახვლედიანი. ბევრმა ქართველმა მხატვარმა სცადა თავისი ძალა სპექტაკლთა გაფორმებაში. თბილისელმა მაყურებელმა მაშინ იხილა არა მარტო მარჯანიშვილის მიერ ჩამოტანილი დადგმები (არაპოვის, უშინის, სიმოვის გაფორმებით), არამედ სპექტაკლები ადგილობრივ მხატვართა გაფორმებით; ზოგიერთმა მათგანმა თავისი შემოქმედება მთლიანად თეატრს დაუკავშირა (ირ. გამრეკელი). დაიდგა "ცხვრის წყარო” (1922 წ. მხატვარი ვ. სიდამონ-ერისთავი), "კაცი სარკეში” (1925 წ. მხატვარი მ. შავიშვილი), "ლამარა” (1925 წ. მხატვარი ლ. გუდიაშვილი) და სხვა მრავალი.

მხატვრის ხელწერისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებელს "ურიელ აკოსტას’’ (1929 წ.) მხატვრული გაფორმება წარმოადგენს. აქ, ამასთანავე თვალსაჩინო გამოხატულება ჰპოვა მკაფიო და მარტივი ფორმების საშუალებით სცენის სივრცის გამდიდრების ტენდენციამ.

 

ამ სპექტაკლზე უფრო ადრე პ. ოცხელმა გააფორმა შ. დადიანის პიესა "კაკალ გულში’’. (1928 წ.)  მხატვრის ეს ნამუშევარი  მომდევნო დადგმებთან შედარებით, განცალკევებით დგას. სპექტაკლის გაფორმების გადაწყვეტა ნაწარმოების ჟანრით იყო განპირობებული. საჭირბოროტო თემაზე დაწერილი კომედია მხატვარმა ძალიან მარტივი, მაგრამ ამასთანავე ძლიერ მეტყველი ხერხებით გააფორმა.

 

კომპოზიტორმა ვ. ვახვახიშვილმა, რომელიც ერთგულად და დაუღალავად მუშაობდა კოტე მარჯანიშვილთან, პ. ოცხელის ნამუშევართა გამოფენასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც თანამიმდევრულად, ყველა აქტში აღადგინა პიესის მოქმედების მსვლელეობა, ყველა მისი რეჟისორული "მონაპოვარი’’.

მხატვრის მუშაობა ამ სპექტაკლში დეტალების შერჩევითა და მათთვის მეტყველი მასშტაბების მონახვით იყო განსაზღვრული. უზარმაზარი აბაჟური, თეჯირი, ხალიჩა წარმოგვიდგება როგორც მეშჩანური კეთილდღეობის სიმბოლო. ეს ელემენტები ქმნიან აზრობრივ ღერძს, რომლის გარშემოც ვითარდება კომედიური სიტუაციები, ესენი კი, თავის მხრივ სოციალური ხასიათის პრობლემების გამოვლენას ემსახურებიან.

 

სპექტაკლ "ურიელ აკოსტას”-ს (გუცკოვის პიესა) გაფორმება სრულიად განსხვავებულ ხასიათს ატარებს. ამ სპექტაკლის გაფორმების პირველმა ესკიზებმა არ დააკმაყოფილა კოტე მარჯანიშვილი და მუშაობაც დროებით  გადაიდო. მართლაც, თავდაპირველ და მომდევნო დადგმაში განხორციელებულ ესკიზებს შორის დიდი განსხვავებაა. უკანასკნელებში მკაფიოდ ჩანს,  რომ მხატვარი სავსებით განთავისუფლდა უცხო გავლენებისაგან, მაშინ როდესაც პირველი ესკიზების ზოგიერთ დეტალში (მაგ. წყვეტილი. ჰაერში დაკიდებული თაღები, ანდა ხეების საერთო, ცეცხლის ალის მაგვარი ფორმა) იგრძნობოდა ირ. გამრეკელისა და კ. ზდანევიჩის ზოგიერთი დეკორაციის  გავლენა.

 

პირველი, არადამაკმაყოფილებელი ნამუშევრის შემდეგ კოტე მარჯანიშვილი არ აჩქარებდა ოცხელს. ერთხელ რეჟისორმა მოუსწრო მსახიობებს პიესის ნაწყვეტის რეპეტიციის დროს: ვ. ანჯაფარიძე - ივდითი როგორც სავარძელზე ისე იჯდა რაღაც  ყუთებზე. კ. მარჯანიშვილის გამოჩენამ ერთგვარი შეშფოთება გამოიწვია. რეჟისორში კი ნანახმა ახალი იდეა გააღვიძა. ამ  იმპროვიზირებულ სავარძელს მან რაღაც ქსოვილი გადააფარა და წინადადება მისცა მხატვარს  სპექტაკლის დეკორაციების გადაწყვეტისათვის ამგვარად შექმნილი ფორმა დაედო საფუძვლად. ამ  სავარძლის  გაურკვეველ  ფორმაში მხოლოდ ჭეშმარიტად  არტისტულ პიროვნებას შეეძლო  დაენახა და განევითარებინა სპექტაკლის მთელი გაფორმების იდეა. მაგრამ გასაღები  ნაპოვნი იყო.

 

"ურიელ აკოსტას” დადგმაში სპექტაკლის  ყველა კომპონენტი - რეჟისურა, მსახიობთა თამაში, დეკორაციები, კოსტუმები - ერთ  მთლიანშია  შერწყმული  და დაქვემდებარებული ძირითად იდეურ ჩანაფიქრს, რომელიც ემოციურადაა ხაზგასმული და ნათლად იკითხება.

პეტრე ოცხელის ესკიზები ამ სპექტაკლისათვის წარმოადგენენ ლაკონიურად  გადაწყვეტილ კომპაქტურ ნაგებობებს, რომელნიც ღრმა, შავ ფონზე მონაცრისფრო-თეთრ მოცულობებად გამოიყოფიან. მათი გადაწყვეტა გარკვეულად უკავშირდება პიესის საერთო  ემოციურ ტონალობას.

კ. მარჯანიშვილის შემდეგი დადგმა, რომელიც  გააფორმა პეტრე ოცხელმა, იყო შელის პიესა  "ბეატრიჩე ჩენჩი”.(1930 წ.)  ამავე წელს გააფორმა კ. კალაძის` ხატიჯე~, კ. მარჯანიშვილის დადგმა.1931 წელს პეტრე ოცხელმა გააფორმა სპექტაკლები: ნ. პოგოდინის პიესა "ფოლადის პოემა” კოტე მარჯანიშვილმა დადგმა; ვ. კირშონის პიესა "პური" კოტე მარჯანიშვილმა დადგმა;

 

ი.ფაშეკის პიესა "გულადი ჯარისკაცი შვეიკი" ა. ჩხარტიშვილის დადგმა და ჰ. იბსენის პიესა "მშენებელი სოლნესი" კოტე მარჯანიშვილმა დადგმა, (მოსკოვის ყოფილი კორშის თეატრი).

მომდევნო წლებში, ოცხელი მუშაობს შემდეგი სპექტაკლების გაფორმებაზე: ჰ. ბააზოვის პიესა "მუნჯები ალაპარაკდნენ", დადგმა დ.ანთაძის (1932წ.); ნ.ზარხის პიესა "ჯოი სტრიტ" დადგმა ა. ჩხარტიშვილის (1932წ.);  უ. შექსპირის პიესა "ოტელო”, დადგმა კ. მარჯანიშვილის (1933 წ.); ს. მთვარაძის  "სურამის ციხე", დადგმა ა. თაყაიშვილის (1933წ.);  ე. რაისის პიესა "ჩვენ, ხალხი"  დადგმა ვ.ყუშიტაშვილის (1934წ.); ნ.კუჭავა და ბ.გამრეკელი პიესა "ჩვენ გავიმარჯვებთ",  დადგმა ა. თაყაიშვილის (1934წ.); ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი" დადგმა ვ.გოძიაშვილის და ნ. გოძიაშვილის (1934წ.); შალვა დადიანის "ჩატეხილი ხიდი" (ი.ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით), დადგმა ვ. ყუშიტაშვილის (1935წ.); ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" დადგმა ვ. აბაშიძის, (მოსკოვის მცირე თეატრი, 1936წ.). ვ. გუსევის "დიდება", დადგმა ნ. ხოხლოვის, (მოსკოვის მცირე თეატრი, 1936წ.); ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო" (მოსკოვის მცირე თეატრი, 1937წ.).

 

1937 წელს პეტრე ოცხელმა გააფორმა რეჟისორ ლ.ესაკიას კინოფილმი "მფრინავი მღებავი" (სახკინმრეწვი).

1937 წელს სტანისლავსკის მიერ ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტოს" გაფორმებაზე გამოცხადებულ კონკურსში, რომელშიც ოცი მხატვარი მონაწილეობდა, პ. ოცხელის ესკიზმა გაიმარჯვა, თუმცა დადგმა განუხორციელებელი დარჩა. ასევე არ დადგმულა პ. ოცხელის მიერ გაფორმებული სპექტაკლები:  "ყაჩაღები” (1932 წ.) ; "სპარტაკი” (1933 წ.); "სამანიშვილის დედინაცვალი" (1933წ.);  1939 წელს ლონდონში მოწყობილ თეატრის მხატვართა გამოფენაზე პ. ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს...თუმცა მხატვარი ამას ვერ მოესწრო – 1937 წელს პეტრე ოცხელი რეპრესირებული იქნა ბრალდებით: `მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება...

 

ასეთია მცირე ცნობები მხატვრის ხანმოკლე ცხოვრების შესახებ. მისი მოღვაწეობით შეიძლება სამართლიანად იამაყოს სამშობლომ.

 

წყარო: პეტრე ოცხელი = Petre Otskheli, 1907-1937. – [თბ. 2007].

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ