9 აგვისტო – დაიბადა ივანე გიგინეიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-12 11:41:15

გიგინეიშვილი ივანე მოსეს ძე (1909–82), ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი (1979). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976). 1934–დან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1950–66 იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, "საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის” მთავარი რედაქტორის მოადგილე (1951–82), ქართული ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი (1973–82). უძღვებოდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა განყოფილების (1966–იდან – ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება) სამეცნიერო და პრაქტიკულ მუშაობას. იყო ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის წევრი და მდივანი.

 

გიგინეიშვილმა ერთ–ერთმა პირველმა, ჩაუყარა საფუძველი ჩვენში ლინგვოსტილისტიკას; შეიმუშავა უცხო პირთა სახელების ქართულად გადმოცემის მეცნიერული პრინციპები; შეისწავლიდა ქართული ენის დიალექტებს; ეწეოდა ფართო ლექსიკოგრაფიულ მუშაობას და გამოსცა ქართული ლიტერატურის ძეგლთა ლექსიკონები ("რუსუდანიანი” – 1957, "დავითიანი” – 1955, 1980), ვრცელი ორთოგრაფიული ლექსიკონი ( ვ. თოფურიას თანაავტორობით, 1968, 1998) და სხვა. მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” (1 –8, 1950–64) მომზადებაში (VIII ტომის ერთ–ერთი რედაქტორი), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971).

 

წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. – 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ