9 ნოემბერი – დაიბადა სოლომონ ყუბანეიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-15 12:30:45

ყუბანეიშვილი სოლომონ ივლიანეს ძე [9. 11. 1901. სოფელი შუამთა, ახლანდელი ვანის რაიონი – 17.03.1986, თბილისი], ქართველი ლიტერატურათმცოდნე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962).

 

პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1928). სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1942–იდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, შემდეგ (1948–79) ამავე ინსტიტუტის ტექტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. მოღვაწეობა დაიწყო 1928–იადან. მისი კვლევის ობიექტია უპირატესად ძველი ქართული მწერლობა. ყუბანეიშვილმა შეადგინა და გამოსცა "ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია" (ტ. 1, 1947; ტ. 2, 1949), გამოაქვეყნა "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა ვარიანტები (ტ. 1, 1960). აღსანიშნავია მისი ნაშრომები: "დავით გურამიშვილი ქართულ ჰუსართა პოლკში" (1955), "რამდენიმე ნაკვეთი "ვეფხისტყაოსნის" ბეჭდვის ისტორიიდან" (1966, 1973, 1975) და სხვა. დიდი ამაგი დასდო ვაჟა–ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლას. ავტორია წიგნებისა: "ვაჟა–ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე" (1940), "ცხოვრება ვაჟა–ფშაველასა" (1961). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლებით.

 

წყარო: ქსე. – ტ. X. 1986.    

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ