9 სექტემბერი - დაიბადა დავით ერისთავი
დამატების თარიღი: 2013-03-13 10:30:00

დავით გიორგის ძე ერისთავი (დ. 9 სექტემბერი, 1847, სოფ. ხიდიათავი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 11 ოქტომბერი/23 ოქტომბერი, 1890, თბილისი), ქართველი მწერალი.

 

1867-1871 წლებში სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 1871-იდან თანამშრომლობდა "დროებაში", "ტიფლისსკი ვესტნიკსა" და "ფალანგაში". 1882-იდან გაზეთ "კავკაზს" რედაქტორობდა. სალიტერატურო მოღვაწეობა ლექსებითა და ფელეტონებით დაიწყო. იყო "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი (1882), ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი. ერისთავმა თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი დრამატული ნაწარმოები. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტორიულმა პიესამ "სამშობლო" (1881), რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანგი დრამატურგის ვ. სარდუს ამავე სახელწოდების დრამა. სარდუს სიუჟეტი ერისთავმა ბრწყინვალედ მიუსადაგა ქართულ სინამდვილეს, პიესას ეროვნული კოლორიტი კოლორიტი შესძინა და წინაპართაგან სამშობლოსათვის თავდადება მაგალითად დაუსახა იმდროინდელ ქართველობას. "სამშობლოს" წარმოდგენამ (1882 წლის 20 იანვარს) ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო.

 

ერისთავს ეკუთვნის აგრეთვე გადმოკეთებული პიესები "მეორედ გაყმაწვილება", "სადაო მფლობელობა", "დროებითი სიყვარული", "დავიდარაბა ანუ არღანი და ლეკვი", "საძაგელი" და სხვა.

 

 

წყარო: ქსე, ტ. 4, გვ. 193, თბ., 1979.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ