კალგინი, ანატოლი ნიკოლოზის ძე (1875-1943) – ცნობილი ხუროთმოძღვარი. დაიბადა კავკავში, აქვე დაამთავრა საშუალო სასწავლებელი. სპეციალური განათლება მიიღო პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში, რომლის კურსიც 1900 წ. დაასრულა. ამის შემდეგ კვლავ კავკასიას დაუბრუნდა და აქვე ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. ჯერ პიატიგორსკში მუშაობდა არქიტექტურის თანაშემწედ სააბაზანო ნაგებობათა მშენებლობაზე, 1901-1905 წწ. ბაქოში გაატარა, 1905-1907 წწ. დაწყებით დაპროექტებას ასწავლიდა მოსკოვის სტროგანოვის სასწავლებელში, 1907 წლიდან კი თბილისში დამკვიდრდა. მან იმთავითვე მჭიდროდ დაუკავშირა თავისი მოღვაწეობა ქართულ კულტურულ-სამეცნიერო საქმიანობას. ჯერ კიდევ მანამდე, მან საკუთარი ინიციატივით იმოგზაურა საქართველოსა და სომხეთში, გაზომა ფიტარეთისა და ბოლნისის ტაძრები. 1907 წ., თბილისში დასახლების წელსვე, მონაწილეობა მიიღო ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციაში არტაანის, ოლთისისა და ყაღიზიანის ოლქებში. მან გაზომა მნიშვნელოვანი ძეგლები, რომლებიც არც მანამდის და არც შემდეგ არავის არ გაუზომავს: ტაოსკარის, კალმახის, ბობოსგირის, კერკლუხის, ეინეპოსის ეკლესიები, ოლთისის ეკლესია და ციხის მღვიმეთა დარბაზები, ფანასკერტის ციხე, ჩანგლოს დიდი ტაძარი და სხვ... მთავარი იმ წელს გაზომილ ტაძართა შორის – ბანას ცნობილი ტაძარი იყო, მანამდის სქემატურად გაზომილი სიმონ კლდიაშვილის მიერ. ა.კალგინმა შეადგინა ბანას რეკონსტრუქცის საკუთარი ვარიანტიც.

 

ათი წლის შემდეგ, როდესაც ექვთ. თაყაიშვილისავე მეთაურობით ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია მოეწყო, მას კვლავ კალგინი ახლდა ხუროთმოძღვრად. მის მიერ ამ მოგზაურობის დროს შესრულებულ განაზომებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ქართული ხუროთმოძღვრების კვლევისათვის, რადგანაც ეს ერთადერთი გრაფიკული დოკუმენტია X-XI სს. შესანიშნავი ძეგლების – ოშკის, ხახულის, იშხნისა და სხვათა შესასწავლად.

ამასთან ერთად, კალგინი შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა. მისი უმთავრესი ნაწარმოები, რომელსაც თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში – თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობაა, რომლის პროექტიც მან მხატვარ ჰენრიკ ჰრინევსკისთან ერთად შეადგინა. კალგინისა და ჰრინევსკის პროექტმა გაიმარჯვა 1912 წ. გამართულ კონკურსში. ბანკის შენობა წარმოადგენდა ხუროთმოძღვრებაში ქართული ეროვნული ფორმების აღორძინების ყველაზე უფრო სერიოზულ ცდას რევოლუციის წინა ხანაში. ამ ნაწარმოებმა, რომელიც თავისი მკაფიო მხატვრული სახით მკვეთრად გამოირჩევა იმდროინდელ ეკლექტიკურ შენობათა მასაში, უეჭველი გავლენა მოახდინა ქართველ საბჭოთა არქიტექტორებზედაც ეროვნული ხუროთმოძღვრული ფორმების ძიების პროცესში (დაწვრილებით ამ შენობის შესახებ – ტ. II, გვ. 89-94, ტაბ. 39-44).

 

ა.კალგინის შემოქმედებითმა და პედაგოგიურმა მუშაობამ საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართული საბჭოთა არქიტექტურის განვითარებაშიაც (საბჭოთა წლებში მისი უმთავრესი ნაწარმოები იყო ზაჰესის ხუროთმოძღვრული კომპლექსი). 1922-30 წწ. კალგინი თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად იყო, 1930-დან გარდაცვალებამდე – ინდუსტრიული ინსტიტუტისა. იგი არქიტექტურის ფაკულტეტებზე სპეციალურ საგნებს ასწავლიდა.

გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის გალავანში.

 

თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორები და მასწავლებლები 1930წ.

პირველ რიგში მარცხნიდან მეშვიდე ზის ჰენრიხ ჰრინევსკი,

მეორე რიგში მარცხნიდან მეოთხე ა. კალგინი.