ალექსანდრე კაზნაკოვი

რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ 1903 წლის 4 სექტემბერს კავკასიის მუზეუმის და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად  დანიშნა, ხოლო 1909 წელს  დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე კაზნაკოვი - მოგზაური, ისტორიკოსი, ბუნებისმეტყველი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ტიბეტის მკლევარი.

სანკტ-პეტერბურგის გუბერნიის მკვიდრი, წარმოშობით ტვერის გუბერნიის თავადი, პაჟთა საიმპერატორო კორპუსის პირველი თანრიგის კურსდამთავრებული - ალექსანდრე კაზნაკოვი დაიბადა 1871 წლის 26 იანვარს (ძველი სტილით 8 თებერვალს);

რუსეთის საიმპერატორო ელიტარული სასწავლო დაწესებულების  - პაჟთა კორპუსის დასრულების შემდეგ, მონაწილეობდა სხვადასხვა ექსპედიციებში. 1899 წელს მიავლინეს ცენტრალურ აზიაში გეოგრაფიული საზოგადეობის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში. მივლინებაში ყოფნისას, დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსის განყოფილებაში გვარდიის კავალერიის განხრით.  1902 წელს მთავარი შტაბის უფროსის ბრძანებით მიავლინეს მთავარი შტაბის სამხედრო-სასწავლო კომიტეტის კანცელარიაში. 1903 წლის 4 სექტემბერს სამხედრო უწყების ბრძანებით დაინიშნა კავკასიის მუზეუმის და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, 1909 წელს - კავკასიის მუზეუმის დირექტორად და მიიღო პოლკოვნიკის ჩინი. 

ალექსანდრე კაზნაკოვის კავკასიის მუზეუმის ხელმძღვანელად დანიშვნის საფუძველი 1899-1901 წლებში, რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ პეტრე კოზლოვის ხელმძღვანელობით მონღოლეთ-კამის მხარეში მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციის დროს მისი წარმატებული საქმიანობა გახდა. ტიბეტურმა ექსპედიციამ მეტად ღირებული სამეცნიერო გამოკვლევები ჩაატარა.  ექსპედიციის დროს მდიდარი ეთნოგრაფიული მასალის შეგროვება  მოახერხა. ექსპედიციის დროს  მოპოვებული ბევრი ნივთი, რომელიც კაზნაკოვის პირადი კოლექციის კუთვნილებას  შეადგენდა, დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.  ალექსანდრე კაზნაკოვმა 1907 წელს გამოაქვეყნა სამეცნიერო მონოგრაფია «Мои пути по Монголии и Каму» ("ჩემი გზასავალი მონღოლეთსა და კამთა ქვეყანაში"). ამ გამოცემამ მას სამეცნიერო წრეებში დიდი აღიარება მოუტანა.

ალექსანდრე კაზნაკოვი კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას მუზეუმის ეთნოგრაფიული განყობილების გამგის მოვალეობას უთავსებდა. იგი სამეცნიერო მიზნით ბევრს მოგზაურობდა კავკასიაში,  იყო  პერიოდული გამოცემების: «Известия Кавказского музея»-ს რედაქტორი და  «Записки Кавказского музея»-ს  დაარსების ინიციატორი. მისი ინიციატივით შემოღებული იქნა მუზეუმში შემოსული ნივთების ზუსტი აღრიცხვა (მანამდე არსებობდა  შემოსავალ-გასავლის ჟურნალი) და ბიბლიოთეკის ფონდების საინვენტარო წიგნი. საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასთან ერთად კაზნაკოვი ზრუნავდა არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული, ბოტანიკური, ზოოლოგიური, და გეოლოგიური კოლექციების შევსება-გამდიდრებაზე. მისი დამსახურებაა კავკასიის მუზეუმის გამდიდრება იმ ძვირფასი ნივთებით, რომლებიც ცნობილია „ახალგორის განძის" სახელწოდებით  და რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიამაყეს წარმოადგენს. ამის დასტურია მადლობის წერილი რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოებიდან: „რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების კლასიკურმა განყოფილებამ, მოისმინა რა 1912 წლის 17 მარტს ერმიტაჟის უფროსი მცველის იაკობ სმირნოვის მოხსენება: „ტფილისის მუზეუმის ახალგორის განძი", ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გამოეცხადებინა ტფილისის მუზეუმის დირექტორ ა. ნ. კაზნაკოვისადმი და მის თანამშრომელს ე. ს. თაყაიშვილისადმი დიდი მადლობა თავიანთი ნაყოფიერი თავდაუზოგავი შრომისათვის იმ საგანძურში შემავალი ნივთების შეგროვება-მოწესრიგებისათვის".

ალექსანდრე კაზნაკოვი კავკასიის მუზეუმზე და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაზე თანაბრად ზრუნავდა. ვინაიდან წლების მანძილზე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა ვითარდებოდა როგორც კავკასიის შესახებ არსებული ცოდნის მონაცემთა საგანძური, ამიტომ ის ცდილობდა  ბიბლიოთეკის კავკასიის მეცნიერული კვლევისათვის საჭირო ლიტერატურით გამდიდრებას. მაგალითად მან შეიძინა და გაზეთ "Кавказ"- ში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდს შეემატა მეტად იშვიათი, 1654 წელს გამოცემული არქანჯელო ლამბერტის წიგნი - „მოგზაურობა სამეგრელოში". კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის გაერთიანების შემდეგ ერთიანი წიგნადი კოლექცია არსებობდა. მუზეუმს თავისი სპეციალური ბიბლიოთეკა არ შეუქმნია. კაზნაკოვმა შეიძინა 245 დასახელების წიგნი გუსტავ რადდეს ქვრივისგან  და 232 დასახელების  წიგნი მუზეუმის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში - ზოოლოგიაში, ბოტანიკაში, ეთნოგრაფიასა და გეოლოგიაში - და  თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში დაარსა ახალი - XVII განყოფილება - «მუზეუმის ბიბლიოთეკა». იგი მუზეუმის შენობაში იყო განთავსებული. მან მოახერხა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკისათვის მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თბილისის განყოფილების მდიდარი ბიბლიოთეკა მიეერთებინა. ზრუნავდა იმაზე, რომ ბიბლიოთეკას თბილისის საცენზურო კომიტეტიდან  კავკასიაში დაბეჭდილ წიგნების სავალდებულო ცალები რეგულარულად მიეღო. ამის გარდა ბიბლიოთეკას სხვადასხვა გამომცემლობები და რედაქციებიც უგზავნიდენ თავიანთ გამოცემებს. ე. თაყაიშვილი 1910 წლის 6 მარტით დათარიღებულ წერილში წერდა: "საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის საბჭოს აქვს პატივი, კავკასიის მუზეუმს გამოუგზავნოს თავისი პირველი გამოცემა "საქართველოს სიძველენი" და საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების კრებული "ძველი საქართველო". მომავალში, გპირდებით  საუკეთესო ქაღალდზე დაბეჭდილი ჩვენი ყველა გამოცემის თითო ეგზემპლარის  გამოგზავნას. ამასთანავე გთხოვთ, საზოგადოების ბიბლიოთეკისთვის მოგვაწოდოთ მუზეუმის გამოცემების თითო-თითო ეგზემპლარი".

ბიბლიოთეკის  განტვირთვისა და აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ალექსამდრე კაზნაკოვმა განიზრახა დაწესებულება  აღეჭურვა ახალი, მსოფლიოს მსხვილ ბიბლიოთეკებში არსებული, სპეციალური რკინის თაროებით. ახალი ტექნიკის წყალობით წიგნები უფრო მოხერხებულად განლაგდებოდა და გაცილებით ნაკლებ ფართობს დაიჭერდა. ალექსანდრე კაზნაკოვმა ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის საქალაქო საჯარო ბიბლიოთეკის მშენებლობასთან დაკავშირებით, თბილისის მმართველობას საქალაქო ბიბლიოთეკისთვის შესთავაზა  თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის 5000-ტომიანი ბელეტრისტული განყოფილება. სანაცვლოდ კი ელექტროენერგიითა და სპეციალური რკინის თაროებით უზრუნველყოფა მოითხოვა. ამგვარად, თბილისი მშვენიერი გამოცემებით დაკომპლექტებულ, კეთილმოწყობილ საქალაქო  და კავკასიის სამეცნიერო ბიბლიოთეკებს მიიღებდა. მაგრამ ქალაქის საფინანსო კომისიამ, სახსრების უქონლობის გამო, უარყო ალექსანდრე კაზნაკოვის ინიციატივა. ასევე უგულვებელყოფილი იქნა მისი თხოვნა, მუზეუმისა და ბიბლიოთეკისთვის გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კადეტთა კორპუსის შენობის გადაცემის თაობაზე.

ათი წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია კაზნაკოვს ცდა, რათა მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკისათვის შესაფერისი შენობის ასაგებად სუბსიდიები გამოყოფილიყო.  1908 და 1910 წლებში კაზნაკოვი ევროპაში ეცნობა პროვინციული მუზეუმების შენობებსა და მათ შიდამოწყობილობას. 1911 წლის 17 ივლისს კაზნაკოვისა და მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის ენერგიული მოქმედების შედეგად იმპერიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კავკასიის მუზეუმის ახალი ნაგებობის მშენებლობის  დაფინანსების შესახებ. მუზეუმისა და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ძველი შენობა დანგრევას ექვემდებარებოდა.  1912 წლის 8 მაისს ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდები, ყუთებში ჩაწყობილი, სპეციალურად აშენებულ დროებით სათავსოში გადაიტანეს. მაგრამ მშენებლობა უცებ ვერ დაიწყეს იმის გამო, რომ მუზეუმის   შენობაში   პირდაპირ   კედლებზე,  ფრანც ზიმის მიერ შესრულებული ფრესკები დასაღუპად იყო განწირული. კაზნაკოვმა ყველაფერი გააკეთა, რათა როგორმე გადაერჩინა ზიმის შედევრები.  ფრესკების ასლების  გადასაღებად ვორონცოვ-დაშკოვის მიერ 1000 ვერცხლის მანეთი გამოიყო სახაზინო თეატრში მათი ასლების გადასატანად. ეს სამუშაო 1912 წლის დეკემბერში  დასრულდა.

1914 წლის 31 აგვისტოს იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, კავკასიის მუზეუმის დირექტორის თანამდებობის შენარჩუნებით. ფრონტზე გამგზავრების წინ კაზნაკოვმა მუზეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა 303 დასახელების წიგნი. ეს წიგნები მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენდა „მუზეუმის ბიბლიოთეკის"   განყოფილებისთვის. 1916 წლის თებერვალში ალექსანდრე კაზნაკოვი დაუბრუნდა კავკასიის მუზეუმს. კავკასიაში საომარი მოქმედებების გამო, სიძველეთა დაცვის მიზნით, რუსეთის იმპერიის სამხედრო უწყებამ გამოსცა № 117 ბრძანება, რომლის შესრულებაზე ზედამხედველობა კავკასიის მეფისნაცვალმა ნიკოლოზ რომანოვმა ალექსანდრე კაზნაკოვს დააკისრა. მეფისნაცვლის განკარგულებით, ყველა იმ პიროვნებას, რომელიც სამეცნიერო საქმიანობისათვის აპირებდა კავკასიაში გამგზავრებას, კაზნაკოვთან შეთანხმებით, კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბიდან ეძლეოდა სპეციალური ნებართვა. მათ მიერ შეგროვილი ნივთები უნდა ჩაბარებოდა კავკასიის მუზეუმს, რომელიც  უზრუნველყოფდა  მათ  დაცვას. 1916 წელს მან ვანის ვილაეთიდან (თურქეთის პროვინცია) მუზეუმისათვის ჩამოიტანა ადგილობრივი მოსახლეობის  სამი სრული ეთნოგრაფიული კოსტიუმი და სხვა ეთნოგრაფიული ნივთები.  ექსპედიციებმა გაამდიდრა დაწესებულება ლურსმნული დამწერლობის ნიმუშების კოლექციებით, რომელთა სიმრავლით კავკასიის მუზეუმი მსოფლიოში ცნობილ მუზეუმებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ალექსანდრე კაზნაკოვმა ვანიდან და ერზერუმიდან აგრეთვე ჩამოიტანა 446 დასახელების 608 წიგნი და მეჯიდ-უ-სულთნის ბიბლიოთეკიდან 316 დასახელების 415 წიგნი.

 1916 წელს კავკასიის მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდი 32.331 დასახელების 55.602 ერთეულისგან შედგებოდა.   

მუზეუმის მშენებლობა  1917 წელს დასრულდა, მაგრამ შენობის მოპირკეთება, შექმნილი  პოლიტიკური ვითარების გამო, ვერ მოხერხდა.  სამეცნიერო საზოგადოებამ კავკასიის მუზეუმის, როგორც დამოუკიდებელი დაწესებულების დაარსების 50 წლისთავი მხოლოდ მისალოცი დეპეშებითა და პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული სტატიებით აღნიშნა. კავკასიის ინტელიგენციას შეუმჩნეველი არ დარჩენია ა.ნ. კაზნაკოვის  საქმიანობა.  მისალოც წერილში, რომელიც გაგზავნილ იქნა საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების თბილისის განყოფილების სახელით, ლ.გ. ლოპატინსკისა და ექვთიმე თაყაიშვილის ხელმოწერით,  ნათქვამი იყო: "მუზეუმთან მჭიდროდ დაკავშირებული საიმპერატორი არქეოლოგიური საზოგადოება უსურვებს თავის სამეცნიერო თანამოძმეს, კოლექციების  ყოველმხრივ შევსებაზე დაუღალავად მზრუნველი მისი განათლებული დირექტორის ალექსანდრე კაზნაკოვის ხელმძღვანელობით, შემდგმომ აყვავებას და ღრმად სწამს, რომ მუზეუმი სულ მალე მთელი დატვირთვით ამუშავდება და საგანგებოდ მისთვის წამომართული შენობა იქცევა  განძეულობის უდიდეს საცავად. ...".

1917 წლის 3 ივნისს ალექსანდრე კაზნაკოვი გადაიყვანეს სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის შტაბის სამმართველოს განკარგულებაში.         1918 წლის 14 აპრილს თბილისის გუბერნიის სამართველოს საექიმო კომისიის მიერ გაცემულ მოწმობის თანახმად კავკასიის მუზეუმის დირექტორი პოლკოვნიკი კაზნაკოვი ავადმყოფობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან.

1919 წლის პირველ აგვისტოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემულ დეკრეტის საფუძველზე, კავკასიის მუზეუმს  საქართველოს მუზეუმი ეწოდა. მისი მთელი ქონება კავკასიის მუზეუმის მთელი ქონების საქართველოს მუზეუმის კუთნილებად გამოცხადდა. კავკასიის მუზეუმის ყველა თანამშრომელზე გაიცა „სალიკვიდაციო" თანხა, რომელიც  კაზნაკოვმა ბაქოში მიიღო.

თბილისიდან წასვლის შემდეგ ალექსანდრე კაზნაკოვის საქმიანობის შესახებ მხოლოდ მწირი ცნობები არსებობს.  ცნობილია, რომ 1919-1921  წლებში ის მუშაობდა ერმიტაჟში. სიცოცხლის უკანასნელი წლები კი პარიზში, ემიგრაციაში გაატარა.  ექვთიმე თაყაიშვილის არქივში დაცულია ალექსანდრე კაზნაკოვის წერილი, რომელიც  სავარაუდოდ, 1925 წლის სექტემბერშია დაწერილი,  დეკორატიული ხელოვნების გამოფენის - „კიტეჟის" ბლანკზე. ეს  წერილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კავკასიის სიძველეთა ამ ორ დიდ ქომაგს მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ემიგრაციაში  ყოფნის დროსაც არ გაუწყვეტიათ.                     

ალექსანდრე კაზნაკოვი გარდაიცვალა 1933 წლის 19 თებერვალს, პარიზში. მისი ცხოვრების უკანასკნელ წლებთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალის დადგენა შესაძლებელი გახდა  ნეკროლოგიდან, რომელიც გამოქვეყნდა რუსული დიასპორის გაზეთ «Возрождение»-ში.

 ნინელი მელქაძე

ქეთევან მგალობლიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

Архив акад. Е.С. Такайшвили: Описание / Сост. и подг. к изданию Е. Л. Келенджиеридзе. Тб., 1972 (на груз. яз.). - №1662

Чубинашвили Г. Н. Введение// Я.И. Смирнов. Ахалгорийский клад: Посмертное издание.- Тифлис, 1934           

«Возрождение», Париж.-1933.-22 февр.- №2822 (16 марта №2844)

Мелкадзе Н. В.  Подвижник науки о Кавказе // Вестник БАЕ. - 2024. - №4. - С. 89-91

შრომების ნუსხა:

  1. Казнаков А.Н. Мои пути по Монголии и Каму //  Труды экспедиции Императорского Русского Географического общества, совершенной в 1899-1901 гг. под руководством П.К.Козлова. Том 2. Выпуск 1..- М., 1907.
  2. Казнаков А. Собрание тибетских и монгольских "гау" // Записки Восточного отделения Императорского Русского археологического общества. - 1903. -  Том 15, Вып. 1
  3. Казнаков А.Н. Несколько наблюдений над образом жизни слепца и прометеевой мыши// Известия Кавказского музея. – 1908/1909. – Т.4. – С.
  4. Казнаков А.Н. О дольменах на р. Псезуане. Неизданная заметка инженера Гилева  // Известия Кавказского музея. – 1915/1916. – Т.9. – С.
  5. Казнаков А.Н. Несколько наблюдений над жизнью тарантула // Известия Кавказского музея. – 1916/1917. – Т.10 . – С.
  6. Казнаков А.Н. Пещера с тайниками в Ванской цитадели // Известия Кавказского музея. – 1917/1918. – Тифлис: Типография Канцелярии Наместника Его Императорского Величества на Кавказе, 1917. - Т.11,  Вып. 1 / 2 . – С.  (40,144,V с. : 8 вкл. л. ил.. - Обложка на рус. и франц. Языках)