DE GRUYTER ციფრული ბიბლიოთეკა მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2018-03-13 12:30:00

ძვირფასო მკითხველებო,

13 მარტიდან  1 ივნისამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩართულია ცნობილი საერთაშორისო საგამომცემლო კომპანიის,  დე გრუიტერის საბიბლიოთეკო ბაზები, კერძოდ, სამეცნიერო ჟურნალების ბაზა. მონაცემთა ქსელში გაერთიანებულია უახლესი ლიტერატურა, რომელსაც კომპანია 28 დარგის სპეციალისტებისთვის, ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოსცემს. 

ვალტერ დე გრუიტერის დამოუკიდებელი გამომცემლობის ისტორია, თითქმის, 3 საუკუნის  წინ დაიწყო. 1749 წელს, ბერლინის სასწავლებელში წიგნის მაღაზია გაიხსნა, რომელიც 1919 წლამდე მოქმედებდა და სასწავლო ლიტერატურას გამოცემდა. 1919 წელს, ვალტერ დე გრუიტერმა (1862-1923), წიგნის მაღაზია და გამომცემლობა 4 სხვა გამომცემლობასთან გააერთიანა და კომპანია Verlag Walter de Gruyter & Co დააარსა. დღეს, უდიდესი კომპანია  წელიწადში 1300 ახალ წიგნს,  700 სამეცნიერო ჟურნალს და ციფრულ სახელმძღვანელოებს აქვეყნებს. დე გრუიტერის ბრენდი რამდენიმე შვილობილ გამომცემლობას აერთიანებს, მათ შორის, ბერკლის ელექტრონულ გამომცემლობას. კომპანიის საქმიანობის პროგრამა მოიცავს: ჰუმანიტარული დარგების, საბუნებისმეტყველო დარგების, საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების,  სამედიცინო და იურიდიული დარგების შესახებ უახლეს  კვლევებსა და გამოცემებს, აგრეთვე, ტომეულებსა და სერიებს. მაგალითად, დე გრუიტერის "ბიბლიის ენციკლოპედია" და "ხელოვნების ზოგადი ლექსიკონი" (1992) მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.  

კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ვალტერ დე გრუიტერი არასდროს ყოფილა მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული ვაჭარი, რომელიც წარმატებას ცივი გონებით და  ანგარიშით აღწევდა.  მან დიდი როლი შეასრულა სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაში  და პირადად მონაწილეობდა სახელმწიფოს მხრიდან  განათლების სფეროსთვის ხელშეწყობის გაზრდაში.

2006 წელს, გამომცემლობის  დამაარსებლის სამმა შვილთაშვილმა ქალბატონმა, რომლებიც დღეს კომპანიას ხელმძღვანელობენ,  მეცნიერებისა და მკვლევრების ხელშეწყობისთვის,  ვალტერ დე გრუიტერის სახელობის ფონდი დააარსა.

კომპანია აღიარებს საერთაშორისო სოციალურ პასუხისმგელობას და  ძალზე ძვირადღირებულ  ციფრულ ბიბლიოთეკას (130.000$) განვითარებადი ქვეყნების საგანმანათლებლო ორგანიზაციებს  უდიდესი ფასდაკლებით თავაზობს.  პარტნიორ ორგანიზაციებთან შეთანხმების საფუძველზე, გამომცემლობის ციფრული ჟურნალების  ნაწილი ყველასთვის ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ  საბიბლიოთეკო ბაზები ჩვეულებრივზე დიდი ხნით, 3 თვის ვადით, სწორედ ამ შეთანხმებით ჩაგვირთო. კომპანიას თავისი ოფისები აქვს ბაზელში, ჰააგაში, პეკინში, ბოსტონსა და მიუნხენში, თუმცა, ციფრული ბიბლიოთეკის შედგენაში მრავალი ქვეყნის გამომცემლობა მონაწილეობს.

დაინტერსებულ მკითხველებს მასალების გაცნობა და გადმოწერა შეგიძლიათ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში, საკუთარი ლეპტოპებითაც.  მასალებისთვის, დაკლიკეთ სურათებსა და ლურჯ ლინკებზე. ბაზაში ხელმისაწვდომი ჟურნალების ჩამონათვალი იხილეთ ფაილებში:

  

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ