East View საინფორმაციო არქივი კავკასიის შესახებ
დამატების თარიღი: 2017-02-07 15:21:00

ძვირფასო მკითხველებო, 

6 თებერვლიდან 5 მარტამდე, საინფორმაციო სერვისების ციფრული ბიბლიოთეკა, East View გთავაზობთ თავისუფალ წვდომას მონაცემთა ბაზებზე:

 კემბრიჯის გამოცემების არქივი კავკასიის თემაზე, 

კავკასიის საზღვრები, დოკუმენტები და რუკები (1802-1946) 

სომხეთის პოლიტიკური და ეთნიკური საზღვრები (1878-1948)

კემბრიჯის გამოცემების არქივი მოიცავს უნივერსიტეტის გამოცემებს  ახლო და შუა აღმოსავლეთ ქვეყნების, ბალკანეთისა და რუსეთის რეგიონების, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის შესახებ. მონაცემთა ბაზაში ერთად წარმოდგენილია ის მდიდარი ისტორიული მასალა, რომელიც სხვა საცავებში ნაკლებად ხელმისაწვდომია, ან მხოლოდ ფრაგმენტულად გვხვდება. ციფრულ ბიბლიოთეკაში გაერთიანებულია დიდი ბრიტანეთის არქივებში დაცული, ხელმოწერილი დოკუმენტები, რუკები, დიპლომატიური წერილები.

კავკასიის საზღვრები, დოკუმენტები და რუკები, 1802-1946

კოლექციაში გაეცნობით დოკუმენტებს, რომლებიც კავკასიის რეგიონსა და საქართველოში დღესაც არსებული კონფლიქტების წინაპირობებს წარმოგვიდგენს. არქივი მოიცავს ბრიტანულ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ და თურქულ წყაროებს კავკასიისა და საქართველოს შესახებ. ბრიტანეთის მთავრობის დიპლომატიური და სამხედრო ჩანაწერები საინტერესო მასალაა კავკასიის რეგიონის განვითარებითა და საზღვრების თემით დაინტერესებული მკითხველებისა და მკვლევრებისთვის. 

სომხეთის პოლიტიკური საზღვრები (1878-1948)

დოკუმენტებისა და რუკების კოლექცია ისტორიკოსებს დამოუკიდებელი კვლევების წარმოებაში დაეხმარება. ბრიტანეთის სამთავრობო არქივის მასალები შესანიშნავი წყაროა ძირითადი ისტორიული მოვლენების ილუსტრაციისთვის. დოკუმენტების საშუალებით გაეცნობით მოვლენებს, რომლებმაც 70 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დღევანდელი სომხეთის სახელმწიფოს შექმნაში.  

East View  ორიგინალი და თარგმნილი საინფორმაციო პროდუქტების მთავარი მომწოდებელია.  კომპანია აერთიანებს ევროპულ, რუსულ, ჩინურ და არაბულ მონაცემთა ბაზებს, ნაბეჭდ პერიოდიკას, წიგნებსა და მიკროფორმებს. ციფრული ბიბლიოთეკა თანამშრომლობს ყველა გეოგრაფიული რეგიონის აკადემიურ ინსტიტუტებთან, სამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და სამთავრობო ბიბლიოთეკებსა და იურიდიულ ფირმებთან. საინტერესოა, რომ ორგანიზაცია ინსტიტუტებს აწოდებს როგორც უახლეს, ბოლო წუთის ინფორმაციას, ისე კანონპროექტების, საბაზრო მონაცემების, ოფიციალური სტანდარტების, საწარმოების მონაცემებისა და რეკლამების კოლექციას. ორგანიზაციის მთავარი ოფისი მინეაპოლისშია (აშშ), ხოლო ფილიალები რუსეთში და უკრაინაში აქვს. 1989 წლიდან, საინფორმაციო კომპანიამ  დაინტერესებული ორგანიზაციებისა და მკითხველებისთვის მთელს მსოფლიოში სანდო ინფორმაციის მიწოდების ფართო ქსელი შექმნა.  

East View Information Services მონაცემთა ბაზებით სარგებლობის წესები დეტალურად იხილეთ ლინკში

მასალების გაცნობა და გადმოწერა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში, საკუთარი ლეპტოპებითაც. 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ