INFOBASE საგანმანათლებლო რესურსები მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-03-22 12:50:00

ძვირფასო მკითხველებო,

21 მარტიდან 20 აპრილამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის შენობებში ჩაირთო ცნობილი საერთაშორისო საგანმანათლებლო მედიაჯგუფების, Infobase Learning და FILMS MEDIA GROUP მონაცემთა ბაზები:

თანამედროვე მსოფლიოს ისტორია, მსოფლიოს გეოგრაფია და კულტურები ონლაინ, ამერიკის ისტორია ონლაინ, ბლუმის ლიტერატურა ონლაინ (ვიდეომასალები ლიტერატურის შესახებ), მსოფლიოს ახალი ამბები, თანამედროვე მეცნიერება, მსოფლიო რელიგიები, ელექტრონული სასწავლო ბიბლიოთეკა, ვიდეოკოლექციები საერთაშორისო ბაზრისთვის. 

თანამედროვე მსოფლიოს ისტორია გთავაზობთ ინტერდისციპლინარულ რესურსებს მე-15 საუკუნიდან დღემდე მსოფლიოს ისტორიის შესახებ. რეგიონებისა და თემების მიხედვით მოცემული, ათასობით ბიოგრაფიული და ისტორიული წყარო, იდეების ისტორია, სურათები, ცხრილები, ქრონოლოგია გაგაცნობთ, თუ როგორ განვითარდა მსოფლიო დღემდე.  

მსოფლიოს გეოგრაფია და კულტურები ონლაინ მოიცავს მსოფლიოს ქვეყნებს, ადგილებს, ხალხებს და გეოგრაფიულ კონცეფციებს. ეს შედარებითი რესურსი ქვეყნებისა და მათი კულტურების გაცნობასა და შესწავლაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ. მონაცემთა ბაზას მარტივი ინტერფეისი აქვს, რაც რუკებს, ვიდეოებს, სტატისტიკასა და უახლეს სტატიებს მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. 

ამერიკის ისტორია ონლაინ მონაცემთა ბაზას ახლახან დაემატა 5 000 ისტორიული წყარო. ისტორიის შესწავლა ბოლო საუკუნეების ორიგინალური დოკუმენტებისა და წყაროების, წერილების, დღიურების, პროკლამაციების და სხვა მონაცემების მიხედვით ჩვენს თვალწინ აცოცხლებს სხვადასხვა პერიოდს და სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოს ხდის. 

ბლუმის ლიტერატურა ონლაინ 

ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების ვიდეოკოლექცია მნიშვნელოვნად დაეხმარება ლიტერატურის მასწავლებლებს და სტუდენტებს. "ბლუმის ლიტერატურა" მოსწავლეებსა და მკვლევრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ცნობილ დადგმებსა და ფილმებს, თანამედროვე კვლევებს პერსონაჟებისა და მთავარი თემების შესახებ. 

მსოფლიო სიახლეების დაიჯესტი  მსოფლიოს სხვადასხვა სამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის ავტორიტეტულ წყაროს წარმოადგენს. დღევანდელ სიახლეებთან ერთად, მოიცავს 1940 წლიდან დღემდე გამოცემულ, 300 000-ზე მეტ სტატიას, ქვეყნების პროფილებს, ისტორიულ დოკუმენტებს, ბიოგრაფიებს, კვლევით წყაროებსა და კარიკატურებსაც კი. აღნიშნული მონაცემთა ბაზა დიდ დახმარებას გაუწევს მედიის სპეციალისტებს. 

დღევანდელი მეცნიერება   აუდიტორიაში ნასწავლ, მეცნიერების დარგებსა და რეალურ სამეცნიერო აღმოჩენებს შორის დამაკავშირებელი რესურსია. ბაზაში შეკრებილია 1990-იანი წლებიდან დღემდე აღმოჩენილი, ყველა სამეცნიერო სიახლე ბიოლოგიაში, ქიმიაში, ეკოლოგიაში, ასტრონომიაში, ფიზიკასა და ტექნოლოგიებში. მოსწავლეებისთვის სახალისო ფორმით წარმოდგენილია კროსვორდები, მულტფილმები, კითხვებზე პასუხები და დამატებითი სტატიები. აგრეთვე, ინტერვიუები მეცნიერებთან, რომლებიც სტუდენტებს სასწავლო საგნების რეალურად აღქმაში დაეხმარებათ. 

მსოფლიო რელიგიები  ეს უახლესი რესურსი ცრურწმენებისა და ვარაუდების გარეშე, წარმოგიდგენთ მსოფლიოს რელიგიებსა და ტრადიციებს. მასში თანამედროვე კვლევები გაერთიანებულია ასობით ისტორიულ წყაროებთან, წმინდა ტექსტებთან, რელიგიური მუსიკის ჩანაწერებთან, ინტერვიუებთან, სასწავლო გეგმებთან და ასე შემდეგ.

ელექტრონული სასწავლო  ბიბლიოთეკა   სრულად ასახავს 17 სასწავლო საგნის თემატიკას. სასწავლო კურიკულუმის მიხედვით მომზადებული, მრავალფეროვანი თემები შესანიშნავი რესურსია გაკვეთილებისა და საშინაო დავალებების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მომზადებისთვის. 

ვიდეოკოლექციები საერთაშორისო ბაზრისთვის ეს უმდიდრესი ვიდეოკოლექცია 13000 ვიდეოსა და 207 000 ვიდეოფრაგმენტს აერთიანებს, რომელიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს დაეხმარება. საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დარგები, ახალი ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და ეკონომიკა, მედიცინა და ჯანდაცვა, ოჯახი და სახლი, საარქივო ნიუსები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით თანამედროვე პროფესიებისა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

Infobase Learning საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 1940 წელს დაარსდა და, მას შემდეგ, სკოლებსა და ბიბლიოთეკებს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით ამარაგებს. მრავალი წლის განმავლობაში, ორგანიზაცია არაერთი ჯილდოს მფლობელია, როგორც ყველაზე სანდო და ხარისხიანი კოლექციების მიმწოდებელი.

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, სახელმწიფო მრჩევლისა და საზოგადო მოღვაწის, ბილ მოიერსის პროგრამის ფარგლებში მომზადებული ვიდეოლექციები და სახელმძღვანელოები სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა, პედაგოგთა და სტუდენტთა ჯგუფური, თუ ინდივიდუალური სწავლებისთვის იქმნება. სასწავლო პროგრამები შექმნილია აღიარებული პროდიუსერების მიერ, საგანმანათლებლო და კულტურის ორგანიზაციებისთვის.  

გაცნობებთ, რომ მონაცემთა ბაზებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური პაროლის მეშვეობით, რომელიც პირადად უნდა მიიღოთ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაკლიკეთ ლურჯ ლინკებზე, ხოლო პაროლისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ